პარლამენტში წიგნის – “მეწარმეთა შესახებ კანონის” ახალი რედაქციის პრეზენტაცია გაიმართება
პარლამენტში წიგნის, “მეწარმეთა შესახებ” კანონის ახალი რედაქციის პრეზენტაცია გაიმართება. როგორც “კვირას” საკანონმდებლო ორგანოდან აცნობეს, პრეზენტაცია 14 დეკემბერს 10:00 საათზე საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზშია ჩანიშნული.
“საკორპორაციო სამართლის სახელმძღვანელო არის პირველი მცდელობა, ერთიან მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოში თავმოყრილი იყოს თანამედროვე ქართული საკორპორაციო სამართლის ძირითადი ცნებები, კონცეფციები, ინსტიტუტები, მისი ადგილი ქართულ მართლწესრიგში და მისი დანიშნულება კორპორაციული ეკონომიკისათვის.
სახელმძღვანელო მთლიანად არის აგებული პარლამენტის მიერ 2021 წლის ზაფხულში მიღებული „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის ახალ რედაქციაზე და სრულად ასახავს მას. წიგნის ფუნდამენტია განვითარებული დასავლეთ-ევროპული ქვეყნების თანამედროვე სასწავლო-მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოთა სისტემა, რაც საკორპორაციო ურთიერთობით დაინტერესებულ პირს ახალი კანონის შემეცნებასა და გაგებას გაუადვილებს.
წიგნი, უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა მისი გამოყენება შეუძლია ამ სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ პირს. სახელმძღვანელოს პირველი გამოცემა შედგენილია თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა მიერ და ახდენს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის პროპაგანდას იურიდიულ საზოგადოებაში”, – აღნიშნულია პარლამენტის ინფორმაციაში.