რადას დეპუტატი: რუსეთის ულტიმატუმი, რომ აშშ-მა და ნატო-მ უკრაინა და საქართველო ალიანსში არ მიიღონ – ვერ შესრულდება
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელი, უმაღლესი რადას პროპრეზიდენტული ფრაქციის – “ხალხის მსახურის”დეპუტატი, ეგორ ჩერნევი აცხადებს, რომ რუსეთის მოთხოვნები შეერთებული შტატებისა და ნატო-ს მიმართ, უარი თქვან უკრაინისა და საქართველოს მომავალ წევრობაზე ალიანსში – ვერ შესრულდება.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
“პუტინმა დასავლეთისთვის ულტიმატუმით წაყენებით თავი არამომგებიან მდგომარეობაში ჩაიგდო. ახლა უკვე რუსეთს მოუწევს ან უკრაინაზე უარი სამუდამოდ თქვას, ან გადადგას უკანასკნელი ნაბიჯი უფსკრულისკენ.
კრემლის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული მოთხოვნა შეერთებული შტატებისა და ნატო-ს მიმართ თეორიულადაც კი ვერ შესრულდება, რადგან ეს ალიანსისა და მთელი დასავლეთის პოლიტიკურ კოლაფსს ნიშნავს. 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფა ნიშნავს, რომ ამიერიდან ალიანსის პოლიტიკას კრემლი განსაზღვრავს. შეერთებული შტატებისა და ნატო-ს მიერ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში თავდასხმის იარაღის არ განლაგების იურიდიული გარანტიების მიღება, ამ სახელმწიფოებს სუვერენიტეტს ჩამოართმევს. ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს, არამედ აზერბაიჯანსაც, სადაც განთავსებულია თურქული შეიარაღება, ასევე, ნატო-ს წევრებს – ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთს“, – დაწერა ჩერნევმა.
მისი თქმით, “რუსეთის ულტიმატუმი მიანიშნებს იმაზე, რომ პუტინისა და ბაიდენის მოლაპარაკება კრემლისთვის ჩავარდნით დასრულდა. როგორც ჩანს, ახლა მოსკოვში რაღაც გადაწყვეტილება აქვთ მიღებული საბოლოოდ ქმედებებთან დაკავშირებით. ასეთი ულტიმატუმის წამოყენება მსოფლიოს არაფერ კარგს არ უქადის”.
“რა თქმა უნდა, ამ ულტიმატუმს ცივილიზებული სამყარო უარყოფს. ამიტომ, უკეთესობის იმედი გვქონდეს, თუმცა, მოვემზადოთ უარესისთვის”, – წერს უკრაინელი დეპუტატი.