გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი დოკუმენტი განიხილა.

პარლამენტის ინფორმაციით, სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (COVID-19-ის ვაქცინის მხარდამჭერი პროექტი – აზია-წყნარი ოკეანეთის ვაქცინის ხელმისაწვდომობის ფარგლებში – პროექტის საინვესტიციო კომპონენტი)”.

შეთანხმება ითვალისწინებს აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ 464 ათასი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას. მომხსენებლის თქმით, პროექტის საინვესტიციო კომპონენტის მიზანია პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა, რათა მან ეფექტურად მართოს COVID-19 -ის ვაქცინის შესყიდვა, მიწოდება და ვაქცინის პროგრამის მართვის მონიტორინგისა და შეფასების შემუშავება, განხორციელება, ფინანსური მენეჯმენტი, გარემოს დაცვა, მათ შორის სამედიცინო ნარჩენების მენეჯმენტი და გენდრთან დაკავშირებული საქმიანობა.

მხარდაჭერა ასევე მოიაზრებს პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს პერსონალითა და ექსპერტებით უზრუნველყოფას, მათთვის ტრენინგების ჩატარებას. პროექტი სავარაუდოდ 2023 წლის 30 აპრილამდე უნდა დასრულდეს. კომიტეტმა წარდგენილი შეთანხემების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა.