რატი ბრეგაძე ვენეციაში იმყოფება, სადაც ევროსაბჭოში შემავალი ქვეყნების იუსტიციის მინისტრებს ხვდება
იუსტიციის მინისტრი ვენეციაშია. რატი ბრეგაძე მონაწილეობს კონფერენციაში, რომელსაც ევროსაბჭოში შემავალი ქვეყნების არაერთი იუსტიციის მინისტრი ესწრება. ამ ღონისძიებაზეა ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი – ჯანი ბუკიკიოც. ღონისძიება სისხლის სამართლის მართლმსაჯულებასა და ევროპულ მიდგომებს ეხება.
რატი ბრეგაძემ ვენეციაში ვიზიტი იტალიელ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო.
„ვისაუბრეთ საქართველოსა და იტალიას შორის სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. შევთავაზეთ თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება საქართველოსა და იტალიის იუსტიციის სამინისტროებს შორის. სწორედ ამ სამართლებრივი დოკუმენტის ფარგლებში ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს და იტალიას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრა გვექნება უნგრეთის იუსტიციის მინისტრთან. გავაფორმებთ თანამშრომლობის ხელშეკრულებას. რაც შეეხება უშუალოდ მინისტერიალის თემატიკას, ის ეძღვნება აღდგენით მართლმსაჯულებას. საქართველოს ამ მიმართულებით მრავალი წინ გადადგმული ნაბიჯი აქვს. ბუნებრივია, ჩვენ წარმოვადგენთ ყველა იმ რეფორმას, რაც განხორციელდა საქართველოში“, – განაცხადა მინისტრმა.