“ცესკო-ს დელეგაციის ყირგიზეთში ვიზიტის თემით კონკრეტული მედია საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას კვლავ ცდილობს”

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დელეგაციის ყირგიზეთში ვიზიტის თემის არასწორი ინტერპრეტაციით კონკრეტული მედია საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციასა და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ცდილობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით,  28 ნოემბერს ყირგიზეთში პარლამენტის არჩევნები გაიმართა, რომელსაც საქართველოს დელეგაცია ცესკო-ს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით დააკვირდა. დელეგაციაში შედიოდნენ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე (რომელიც ცესკოში „ლელო საქართველოსთვის“ მიერ დანიშნული წევრია), პოლიტიკური გაერთიანებების „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „გირჩის“ მიერ დანიშნული წევრები, ასევე, პარლამენტის მიერ არჩეული, ცესკო-ს წევრი.

ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასულ სიუჟეტში გამოყენებულია ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის კომენტარი ყირგიზეთში ჩატარებული არჩევნების შესახებ, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ჭრილში. სწორედ ეს კომენტარი გახდა მანიპულაციისა და დისკრედიტაციის საგანი. განვმარტავთ, რომ ყირგიზეთი წლებია არჩევნებში იყენებს ელექტრონულ ტექნოლოგიებს, რომელიც საქართველოში საპილოტე რეჟიმში განხორციელდა, მათ შორის, ხმის დათვლის კორეული ელექტრონული სხვადასხვა მოდიფიკაციის აპარატი და ამომრჩეველთა ვერიფიკაციის ტექნოლოგიური საშუალებები. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ამ ეტაპზე განიხილავს ელექტრონული ტექნოლოგიების საარჩევნო პროცესში უფრო ფართოდ გამოყენების შესაძლებლობებს. ალბათ სადავო არ უნდა გახდეს ყველა იმ ქვეყნის გამოცდილების გაანალიზება, რომელიც არჩევნებში ელექტრონულ ტექნოლოგიებს იყენებს, იმ დადებითი თუ უარყოფითი მხარეების შესაფასებლად, რაც ტექნოლოგიების დანერგვას შეიძლება მოჰყვეს. შესაბამისად, გიორგი კალანდარიშვილმა ყირგიზეთში ჩატარებული არჩევნების შეფასებისას ყურადღება სახელდობრ ტექნოლოგიების გამოყენების ასპექტზე გაამახვილა.

ამასთან, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ასეთი ტიპის ვიზიტები, სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებზე დაკვირვება ორიენტირებულია სწორედ გამოცდილების ურთიერთგაზიარებაზე და სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკის გაცნობაზე. სამწუხაროდ, სიუჟეტში აშკარად იკვეთება ზოგადად არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების დისკრედიტაციის მცდელობაც, რამაც, შესაძლოა სამომავლოდ ამომრჩევლებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვისადმი უნდობლობას და უარყოფითი დამოკიდებულების გაჩენას შეუწყოს ხელი, რაც ასევე მიუღებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები