გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „წიაღის შესახებ” კანონში ცვლილების პროექტი განიხილა
წიაღის ეროვნულ სააგენტოს უახლოეს პერიოდში სახელი შეეცვლება და იგი ფუნქციონირებას ,,სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო”-ს სახელწოდებით განაგრძობს. ამას ითვალისწინებს „წიაღის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების” პროექტი.
პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში განსახილველად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ოთარ დანელიამ გაიტანა. მომხსენებლის თქმით, ცვლილება არ არის დაკავშირებული სააგენტოს დებულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ცვლილებებთან და ატარებს მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურ ხასიათს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა სახელის ცვლილებით გამოწვეული ტექნიკური ხასიათის ცვლილების განხორციელება ყველა იმ საკანონმდებლო აქტში, სადაც ფიგურირებს სააგენტოს დასახელება.
კერძოდ ცვლილება შედის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში”, „რეგულირების საფასურის შესახებ” საქართველოს კანონში”, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” კანონში და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონში”. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.