ბადრი ჯაფარიძე: იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პრაქტიკული ნაბიჯები მოჰყვება
“სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, პრეზიდენტს შეუძლია – ითამაშოს გადამწყვეტი როლი, რომ ვითარების დეესკალაცია მოხდეს”, – ასე გამოეხმაურა “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ინკლუზიური პროცესის დაწყების თაობაზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.
ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ განცხადებას პრაქტიკული ნაბიჯები მოჰყვება.
„სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, პრეზიდენტს შეუძლია – ითამაშოს გადამწყვეტი როლი, რომ ვითარების დეესკალაცია მოხდეს, გადავიდეთ ნორმალურ პოლიტიკური ცხოვრების რეჟიმში. იმედი მაქვს, მის განცხადებას მოჰყვება პრაქტიკული ნაბიჯები. ჩვენ “ლელო საქართველოსთვის” ამ პროცესში, თუკი ის ინიცირებული იქნება ფორმალურად ზურაბიშვილის მხრიდან, მივიღებთ ძალიან აქტიურ მონაწილეობას. ეს არის გადაუდებელი აუცილებლობა, რომ მოვახერხოთ დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების ერთი მაგიდის ირგვლივ შეკრება. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს შერიგების თუ შეთანხმების პროცესი”, – განაცხადა ჯაფარიძემ.