“პოლიტიკური დღის წესრიგი ერთი ადამიანის გარშემო ტრიალებს, როდესაც ქვეყანაში ყოველდღიურად 50, 60 და მეტი ადამიანი გვეღუპება “კოვიდით” – გია ხუხაშვილი
“ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, არ ჩამოსულიყო და არ იქნებოდა ამის მოთხოვნა საჭირო. პოლიტიკური პროცესიც მეტად სტაბილური იქნებოდა. რეალურ სახელმწიფოებრივ პრობლემებზე აპელირებით, ვფიქრობ, ოპოზიციასაც უკეთესი შედეგი ექნებოდა”, – ამის შესახებ ექსპერტი, გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, პოლიტიკური დღის წესრიგი ერთი ადამიანის გარშემო ტრიალებს, როდესაც ქვეყანაში ყოველდღიურად 50, 60 და მეტი ადამიანი კორონავირუსით იღუპება.
“ვფიქრობ, სააკაშვილის ფაქტორის გამოყენება და ამით მანიპულირება შეეძლო როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე – უკრაინულ ოლიგარქიასაც. სააკაშვილი არის ფიგურა, რომელსაც შეიძლება, უბიძგო და ათამაშო ის თამაში, რაც სამივე მხარეს აწყობს. თუ დღეის მდგომარეობით შევაფასებთ სააკაშვილის ჩამოსვლის შედეგებს, ეს ჩვენი სახელმწიფოსა და იმავე ოპოზიციისთვის უარყოფითია. წარმოიდგინეთ, ორი თვის განმავლობაში რა აბსურდში ვცხოვრობდით ქვეყანაში, რომელსაც ჰქონდა და კვლავაც აქვს უზარმაზარი პრობლემები, ვიღვიძებდით და ვიძინებდით სააკაშვილით, რაც კომფორტული იყო ხელისუფლებისთვის, რომელსაც ძალიან ბევრ პრობლემაზე პასუხები არ აქვს და ურჩევნია იქილიკოს სააკაშვილზე… საბოლოოდ ნახეთ, სადამდე დავედით, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა არის სააკაშვილის გათავისუფლება, არ ჩამოსულიყო და არ იქნებოდა ამის მოთხოვნა საჭირო. პოლიტიკური პროცესიც მეტად სტაბილური იქნებოდა. რეალურ სახელმწიფოებრივ პრობლემებზე აპელირებით, ვფიქრობ, ოპოზიციასაც უკეთესი შედეგი ექნებოდა. იმდენი ენერგია დაიხარჯა ჯერ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხებზე, ახლა მის გათავისუფლებაზე ლაპარაკით… პოლიტიკური დღის წესრიგი ერთი ადამიანის გარშემო ტრიალებს, როდესაც ქვეყანაში ყოველდღიურად 50, 60 და მეტი ადამიანი გვეღუპება “კოვიდით”. ამ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა არაფერი ღირს?!.
სააკაშვილი რომ არ ჩამოსულიყო, ვფიქრობ, სულ სხვა პოლიტიკური ვითარება გვექნებოდა და ხელისუფლებაც ვერ იქნებოდა ასეთი გაჯეჯილებული. არ ვამბობ, რომ სააკაშვილმა ეს შეგნებულად გააკეთა. მას ეს შეიძლება “შეუსრულეს”… იქ უკრაინელ ოლიგარქებს სურდათ მისი თავიდან მოცილება, აქ “ქართული ოცნებისთვის” აღარ იყო საკმარისი სააკაშვილი შორს და აქ იმის ძახილი, მგელი მოდისო და, რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავთ ამაში რუსული სპეცსამსახურების მონაწილეობასაც… ხელისუფლებას სააკაშვილთან დაკავშირებით გრძელვადიანი გეგმა არა აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ სააკაშვილის ფაქტორი არის წმინდა პოლიტიკური საკითხი, ამ ეტაპზე “ქართულ ოცნებაში” მიიჩნევენ, რომ შექმნილი ვითარება მათთვის მომგებიანია. თუ რაღაც მომენტში სააკაშვილი უფრო მეტ თავსატეხად იქცა, შეიძლება იფიქრონ კიდეც ქვეყნიდან მის გაყვანაზე. ეს როდის მოხდება, დამოკიდებულია სხვა ფაქტორებზეც, მათ შორის ოპოზიციის ადეკვატურობაზე. პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება, მაგრამ პროცესის განვითარების ორივე ვარიანტი დევს პოლიტიკურ დახლზე”, – აცხადებს გია ხუხაშვილი.