„ციფრული წარსული“ – გორში ფოტოგამოფენა გაიხსნება
12 დეკემბერს, 17:00 საათზე, გორის ხელოვნების სახლში, გორელ ფოტოგრაფთა კლუბის ინიციატივით, გამოფენა – „ციფრული წარსული“ გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა მოიცავს გორის მუნიციპალიტეტში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.
პროექტი დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.
„პროექტის ფარგლებში მოხდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების (250-ზე მეტი) ფოტოფიქსაცია, მომზადდა კატალოგი, რომლის წარდგენაც ამავე ღონისძიების ფარგლებში გაიმართება. ასევე, შეიქმნა ერთიანი ბაზა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის და შეიქმნა 20 – მდე ძეგლის ვირტუალური დათვალიერების მოდული, რომლის ნახვის საშუალებაც შესაძლებელია ვებგვერდზე. www.photo-graphy.ge
გორელ ფოტოგრაფთა კლუბი მოხალისეობრივ საწყისებზე შექმნილი არაფორმალური, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 2015 წლიდან ფუნქციონირებს გორში, შიდა ქართლში. გაერთიანების მიზანია, ფოტოგრაფიის, თანამედროვე ხელოვნების, არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდათა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
ფოტოგრათა კლუბმა 2016 წელს დაიწყო პროექტი „Art house – ხელოვნების სახლის“ განხორციელება, რომელიც არაფორმალური განათლებისა და ხელოვნების ცენტრის შექმნას ისახავდა მიზნად. ბევრი მუშაობისა და გამოწვევის დაძლევის შემდეგ ხელოვნების სახლი რეაბილიტირებულია. შესაბამისად, გვსურს, მოგიწვიოთ ხელოვნების სახლის გახსნასა და ფოტოგამოფენაზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენა დაფინანსებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობის პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში
საგამოფენო დარბაზის რეაბილიტაცია განხორციელდა გორის მუნიციპალიტეტის მიერ, ევროკავშირის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის” (M4EG) საგრანტო პროექტის: „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი ზრდისთვის“ ფარგლებში