საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე და უმრავლესობის წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან ყველა აქტუალურ თემაზე ისაუბრეს.

„ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლების მიზანია, შეაფასონ საქართველოში არსებული მდგომარეობა და შესაბამისი მოხსენება მოამზადონ. ამისთვის, ისინი ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრაზე მათ გავუზიარეთ ინფორმაცია ყველა იმ საკითხზე, რომლებიც საქართველოში შიდა პოლიტიკური პროცესების განვითარებას უკავშირდება. შევეხეთ აბსოლუტურად ყველა აქტუალურ თემას”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციასთან, სადაც ვისაუბრეთ შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, სამომავლო გეგმებზე, რეფორმებზე, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში საზოგადოებასთან ერთად გატარდა. შევეხეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხს და მათ მივაწოდეთ ის ინფორმაცია და არგუმენტები, რომლებიც მიგვაჩნია, რომ საფუძვლიანია და რეალობას ასახავს”,- განაცხადა უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები