„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ დასრულდა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიის, იტალიისა და გერმანიის საელჩოების მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის, „საქართველოს სინფონიეტას“ ორგანიზებითა და მონაწილეობით, 2021 წლის 10 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით რიგით მეშვიდე „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ ჩატარდა.
როგორც „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა მუქერიამ აცნობა, „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა 2015 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დააარსა. ფესტივალმა უკვე დაიმკვიდრა და მას ყოველწლიურად ბაროკოს მუსიკის მსოფლიოს ვარსკვლავები სტუმრობენ. „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ ამიერკავკასიაში პირველი და ერთადერთი ძველებური მუსიკის ფესტივალია, სადაც ბაროკოს პერიოდის ინსტრუმენტებით და ავთენტიკური შესრულების მანერით სრულდება ძველებური მუსიკა.
წლევანდელ ფესტივალში „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა და უცხოელმა მუსიკოსებმა, ანსამბლებმა და ძველებური მუსიკის სპეციალისტებმა, როგორებიც არიან: საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“, ვინჩენცო კაპეცუტო (მომღერალი (ალტი) და ბალეტის მოცეკვავე, იტალია), ნატალი პერესი (მეცოსოპრანო, საფრანგეთი), გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი, გიორგი კუზანაშვილი (თეორბო, საქართველო / გერმანია), სერგეი მალოვი (ვიოლინო, ჩელო და სპალა, ავსტრია).
აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე ჩამოსულმა ვარსკვლავებმა, გარდა კონცერტებისა, ძველებური მუსიკის ავთენტიკური შესრულების მიმართულებით მასტერკლასები ჩაატარეს.
ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართა 5 საჯარო ლექცია: ქართული და ევროპული მუსიკის, აგრეთვე ბაროკოს პერიოდის თეატრის, ლიტერატურის და მხატვრობის შესახებ. ლექციები ჩაატარეს ამ სფეროს წამყვანმა სპეციალისტებმა და პროფესორებმა, როგორებიც არიან: ზურაბ წკრიალაშვილი (ანსმბლ „ბასიანის“ დირექტორი და მომღერალი, გიორგი მთაწმინდელის სახ. საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ასისტენტ პროფესორი), ლევან ცაგარელი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლიტერატურათმცოდნე), თამარ მუქერია (თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი), გია ბუღაძე (მხატვარი) და გვანცა ღვინჯილია (მუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი).
ფესტივალის ფარგლებში 6 კონცერტი, 5 საჯარო ლექცია და მასტერკლასები გაიმართა.
8 დეკემბერს ფესტივალი დაიხურა კონცერტით – „იტალიური ბაროკო“. ამ საღამოს, თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობდნენ: საფესტივალო გუნდი არჩილ უშვერიძის ხელმძღვანელობით; სოლისტები: მეგი ჩიხრაძე (სოპრანო), მიხეილ აბრამიშვილი (კონტრტენორი) და ცნობილი გერმანელი დირიჟორი და იმლინგის ფესტივალის (გერმანია) სამხატვრო ხელმძღვანელი კორნელია ფონ კერსენბროკი.
8 დეკემბერს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, თბილისის ბაროკო ფესტივალი“ გრანდიოზული საზეიმო კონცერტით დაიხურა და შესრულდა: ანტონიო ვივალდის, კლაუდიო მონტევერდისა და გეორგ ფილიპ ტელემანის ნაწარმოებები.
„წლევანდელი ფესტივალის ყველა კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. მიუხედავად პანდემიისგან გამოწვეული ბევრი დაბრკოლების და სირთულეებისა, ფესტივალზე დაგეგმილი ყველა ღონისძიება ჩატარდა და რიგით მე-7 თბილისის ბაროკო ფესტივალი მქუხარე აპლოდისმენტებითა და დიდი წარმატებით დასრულდა.
ამ დიდ წარმატებას ვულოცავთ ფესტივალის ყველა მონაწილეს. საორგანიზაციო ჯგუფს, განსაკუთრებით კი ფესტივალის დამფუძნებელსა და მასპინძელს – „საქართველოს სინფონიეტას“!
მომავალ წელს კვლავ შევხვდებით ბაროკოს ეპოქაში“! – ამბობს თეა მუქერია.