პროკურორი: ყველა მტკიცებულების ერთობლიობა ადასტურებს, რომ ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა

ყველა მტკიცებულების ერთობლიობა ადასტურებს, რომ ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა, – ამის შესახებ პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.

პროკურორის თქმით, სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის შესახებ საქმეში იმდენად მყარი მტკიცებულებებია, რომ დღეს, სასამართლო პროცესზე დაცვის მხარისგან მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები მოისმინეს და ადგილი ჰქონდა საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას.

„ამ საქმეში კონკრეტულად, გარდა იმისა, რომ წარმოდგენილია არაერთი ვიდეო მასალა, მათ შორის წარმოდგენილია, სატელეფონო ანძების მეშვეობით ყველა მტკიცებულება, რომელიც ამ ფაქტს ადასტურებს, ასევე მოწმეთა ჩვენებები, ყველაფერი ერთობლივად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ესენიც რომ არ იყოს, ორად ორი მტკიცებულება, ეს არის: ცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთია სახელმწიფო საზღვარი და მეორე შემთხვევაში – ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება დღეს გორის ჰოსპიტალში, ეს უკვე ადასტურებს, რომ მას დანაშაულებრივი ქმედება აქვს ჩადენილი“, – განაცხადა პროკურორმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

ცნობისთვის, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა. შინაგან საქმეთა სამინიტრომ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. ძებნილი, ამავე დღეს, თბილისში დააკავეს. უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები