ვლადიმერ ჩაჩიბაია ნიდერლანდელ სამხედრო ექსპერტს შეხვდა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაია ნიდერლანდელ სამხედრო ექსპერტს, სესილია ვან პესკის შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში სოციალურ პოლიტიკის, ვეტერანთა ზრუნვის საკითხებსა და წვევამდელთა უფლებებზე ისაუბრეს და აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაციის „ სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში” მიერ მომზადებულ კვლევებსა და მიგნებებს გაეცნენ.
შეხვედრაზე სტუმარმა სამხედრო სფეროში სოციალური პოლიტიკის მიმართულებებზე ნიდერლანდების მოდელსა და გამოცდილებაზე ისაუბრა და ყურადღება დაჭრილი და დაშავებული სამხედროების ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და მათი რეაბილიტაციის საკითხებზე გაამახვილა. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის და სამხედრო ექსპერტის შეხვედრა ჟენევის უსაფრთხოების სექტორის მართვის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.