„საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია“ შსს-ს მუშაობას დადებითად აფასებს

„საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია”  ბოლო პერიოდის განმავლობაში შსს-ს მუშაობას დადებითად აფასებს. როგორც ასოციაციაში განმარტავენ, გასული 1 წლის სტატისტიკა ცხადყოფს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა მხრიდან ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახველი ფაქტების რაოდენობა შემცირდა.
„ცალსახად მისასალმებელია ის გარემოება, რომ პოლიციელები ბოროტმოქმედთა ასაყვანად განხორციელებული სპეცოპერაციების დროს მაქსიმალურად უფრთხილდებიან ადამიანის სიცოცხლეს, რასაც არც თუ ისე შორეულ წარსულში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდა. აღნიშნულს ადასტურებს თუნდაც 4-5 თებერვალს ჩატარებული უპრეცენდენტოდ ხანგრძლივი ოპერაცია, როდესაც 15-საათიანი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ბრალდებულთან მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად”, – განმარტავენ „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციაში”.
ასოციაცია იმედოვნებს, რომ ის კურსი რომელიც დღეს შსს-ს აღებული, მათი მხრიდან სამომავლოდაც ურყევად იქნება შენარჩუნებული. თუმცა, ორგანიზაცია შსს-ს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათთვის, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ სისტემატიური ტრენინგ-სემინარების ჩატარების აუცილებლობაზე მიუთითებს.
„მნიშვნელოვანია, უწყებამ ამ მიმართულებით არ მოადუნოს ყურადღება და საზოგადოებრივი წესრიგის დამცველთა კვალიფიკაციის ამაღლება დარჩეს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. ამასთან, მოქალაქეთა კონტროლის გაძლიერებისა და შსს-ს საქმიანობის მეტი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია საზოგადოებრივ საწყისებზე დაკომპლექტდეს საკონსტულტაციო ორგანო, რომელიც შსს-ს პერმანენტულად მიაწვდის რეკომენდაციებს საქმიანობის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით. აგრეთვე, ჩაატარებს პრევენციულ ღონისძიებებს პოლიციელთა მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები