„ის“ – მამუკა ჯაფარიძის წიგნის წარდგენა გაიმართება
9 დეკემბერს, 19:00 საათზე, გალერეა „ართბითში“, „ართბითი“ და „თიბისი კონცეპტი“ ქართველი კონცეპტუალური ხელოვანის, მამუკა ჯაფარიძის წიგნის „ის“ წარდგენას უმასპინძლებენ, სადაც თავად არტისტი მოუწერს მსურველს ხელს წიგნზე.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნში თავმოყრილი მასალები მამუკა ჯაფარიძის შემოქმედებას განსხვავებული რაკურსით წარმოაჩენს მკითხველის წინაშე. მისი საშუალებით მკითხველს შესაძლებლობა ექნება, ფართო ჭრილში აღიქვას მამუკა ჯაფარიძის შემოქმედებითი გზა და მისი ხედვები. წიგნი გზამკვლევს ემსგავსება, რომელიც გვამოგზაურებს 90-იანი წლების ქართული სახელოვნებო სივრციდან დღევანდელ დღემდე.
მამუკა ჯაფარიძე (დაბ. 1962 წ. თბილისი) ცხოვრობს და მუშაობს თბილისსა და ლონდონში. მისი ნამუშევრების მედიუმი იცვლება კონტექსტიდან, სივრცის სპეციფიკიდან გამომდინარე და მოიცავს ჰეფენინგს, საგნების და სურათების კოლექციებს და ფოტოების არქივს, რომლებიც დიდი დროის მანძილზე გროვდება, ვიდეოპროექციებს, ფოტოგრაფიას, ლინგვისტურ თამაშებს, ნახატებს, ხმის დიზაინს, პრინტებს და სხვა.
1987 წლიდან მხატვარი კონცეპტუალურ პროექტებზე მუშაობს. მისი ნამუშევარი ARTRA წარმოდგენილი იყო 1999 წელს ვენეციის 48 ბიენალეზე საქართველოს პავილიონში. ამავე წელს ვიდეო პროექცია Eye Trees მოეწყო ატლანტაში. არტისტის ნამუშევრები რამდენჯერმე იყო წარმოდგენილი საქართველოს ეროვნულ გალერეაში მათ შორის 2012 Reframing the 80s და 2014 Re:Museum. ნიუ-იორკში გალერეა Art in General-ში 2016 წელს მოეწყო გამოფენა Beyond Credit, სადაც სხვა ქართველი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად ჯაფარიძის ინსტალაცია იყო წარმოდგენილი“, – აღნიშNულია ინფორმაციაში.
წიგნის დიზაინერი: მანანა არაბული
მისამართი: პავლე ინგოროყვას ქუჩა №14, გალერეა „ართბითი“.