“ინფექციონისტები მთელს მსოფლიოში ებრძვიან ანტიბიოტიკების თვითნებურად გამოყენებას, რადგან ეს იწვევს გამოუსწორებელ დარღვევებს“

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ლევან გაფოძე განმარტავს, რამდენად რისკისშემცველია ანტიბიოტიკების თვითნებურად მიღება ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

ლევან გაფოძე:

– კოვიდინფიცირებულმა ადამიანებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღონ ანტიბიოტიკი ექიმის დანიშნულების გარეშე, რადგან, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსულ ინფექციაზე ანტიბიოტიკი არ მოქმედებს. ზოგადად, ანტიბიოტიკის გამოყენებას თავისი ჩვენებები აქვს. ამიტომ, დანიშნულების გარეშე ანტიბიოტიკის გამოყენება ბევრად დიდი რისკის შემცველია, ვიდრე – მათი არგამოყენება. ინფექციონისტები მთელს მსოფლიოში ებრძვიან ანტიბიოტიკების თვითნებურად გამოყენებას, რადგან ეს სამომავლოდ გამოუსწორებელ დარღვევებს იწვევს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს განაპირობებს მიკროორგანიზმების რეზისტენტულები შტამების გაჩენას, რაც შემდგომში მკვეთრად ზღუდავს ანტიბიოტიკების მოქმედების არეალს. ანტიბიოტიკების გამოყენება ვირუსული ინფექციის დროს არ შეიძლება. თუ არ არის ჩვენება, მისი გამოყენება ორგანიზმის იმუნურ სისტემას ასუსტებს და აძნელდებს ვირუსთან ბრძოლას. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, თუ სათანადო ჩვენება არ არის, ანტიბიოტიკები არ გამოვიყენოთ. ეს ჩვენი უპირველესი რეკომენდაციაა. ნებისმიერი ქვეყნის ინფექციონისტს რომ ჰკითხოთ, იგივეს გეტყვით. კარგი იქნება, თუ თავიდან ავირიდებთ ანტიბიოტიკების გამოყენებას. დამერწმუნეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

– ზოგიერთი ექიმი სოციალურ ქსელს იყენებს და „ფეისბუქით“ ურჩევს ინფიცირებულებს, რა ანტიბიოტიკი დალიონ ვირუსის დროს, ამას თქვენი კოლეგების დიდი ნაწილის მწვავე პროტესტი და კრიტიკა მოჰყვა კიდეც, თქვენ რას იტყვით მსგავს მოწოდებებზე?

– მე მოვუწოდებ ყველას, ჩვენების გარეშე, თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ მიიღონ ანტიბიოტიკი. არც ექიმმა უნდა დანიშნოს ანტიბიოტიკი, თუ ამის ჩვენება და აუცილებლობა არ არის. ძირითადად, სამწუხაროდ, ადამიანები ექიმის დანიშნულების გარეშე იღებენ მას და ეს არის ყველაზე ცუდი.
„მეზობელმა მირჩია, რომ ეს ანტიბიოტიკი დამელია და დავლიე“, – ეს არის დამღუპველი დამოკიდებულება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მით უმეტეს, როცა ვირუსულ ინფექციაზე ვსაუბრობთ. ანტიბიოტიკს მაშინ ვიკეთებთ, როცა ბაქტერიული ფლორა ემატება ვირუსულ ინფექციას, ეს რომ გავიგოთ, ამისთვის რიგი ანალიზები და გამოკვლევები უნდა ჩავიტაროთ. სპეციალური ანალიზებით უნდა განისაზღვროს, სჭირდება თუ არა ადამიანს ანტიბიოტიკი. ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს. ეს მხოლოდ კოვიდინფექციას არ ეხება. სხვა შემთხვევებშიც ბევრი იღებს ანტიბიოტიკს ისე, რომ არანაირი დანიშნულება არ აქვს. არც ექიმს ეკითხებიან აზრს. „მე დავლიე და მომიხდა“, – ასეთი დამოკიდებულება დამღუპველია. ალბათ, რამდენჯერ ურჩევიათ თქვენთვისაც, ეს წამალი დალიეო. ასეთი რჩევები გამორიცხეთ. ძალიან სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეშიც გვიწევს საუბარი იმაზე, რომ ადამიანმა ანტიბიოტიკი თვითნებურად არ უნდა დალიოს.

გვერდით მოვლენებზე რას იტყოდით?

– რეზისტენტული შტამების გამრავლებას და მათ გაძლიერებას იწვევს. მერე რეზისტენტულ შტამებთან ბრძოლა ძალიან რთულია, ამიტომ მართლა უნდა ვეცადოთ, რომ მსგავსი მოვლენები თავიდან ავიცილოთ. ექიმების უპირველესი მოვალეობაც ხომ ამის ახსნაა. როცა ექიმები ნიშნავენ ანტიბიოტიკებს ჩვენების გარეშე, ეს უკვე კატასტროფაა. ამსთან ანტიბიოტიკი არც ისე უსაფრთხო წამალია. მის დანიშნულების გარეშე მიღებას უამრავი გართულება შეიძლება მოყვეს-დაწყებული ალერგიული რეაქციიდან ანაფილაქსიური შოკით დამთავრებული.

– ერთი ქართველი ექიმი სოციალური ქსელით მოუწოდებს კოვიდინფიცირებულებს, ანტიბიოტიკების მიღებას. იმასაც ამბობს, ვინც არ დამიჯერა, კლინიკაში მოხვდა და გარდაიცვალა, ვინც დამიჯერა, გადარჩაო. ეს მოწოდება ხომ იმოქმედებს ადამიანებზე?

– ძალიან ძნელი მოსასმენია ექიმისგან ასეთი არაკორექტული განცხადება. სულ რომ არ გამოიყენოს ანტიბიოტიკი, ისედაც დაამარცხებს ადამიანი ვირუსს. ბევრი პაციენტი გვყავს, რომლებიც განიკურნენ ანტიბიოტიკების გარეშე, რაც თქვით, ეს არის ექიმის არასწორი დამოკიდებულება.

– კიდევ ერთი ექიმის სტატუსმა აღაშფოთა ექიმების დიდი ნაწილი, როცა მან „ფეისბუქით“ მოუწოდა ადამიანებს, დაელიათ აზიტრომიცინი…

– კატეგორიულად არ შეიძლება არანაირი ანტიბიოტიკის დალევა. აზიტრომიცინი არ არის მარტივი ანტიბიოტიკი და შეიძლება ძალიან ბევრი გართულება მოყვეს მის მიღებას, თუ სათანადო ჩვენების გარეშე დაინიშნება. ჩემი რეკომენდაციაა, ექიმის დანიშნულების გარეშე არ მივიღოთ არანაირი ანტიბიოტიკი.

– ერთ- ერთი ექიმი იმასაც წერს, გაიდლაინების გვერდის ავლით ვუნიშნავდი პაციენტებს ანტიბიოტიკსო…

– ამის გაკეთება გამორიცხულია, ამაზე კომენტარიც კი უხერხულია, ჩუმად წამლის დანიშვნა წარმოუდგენელია. ეს გაიდლაინები, რომლითაც ჩვენ ვსარგებლოთ და ვმართავთ დაავადებას, მარტო საქართველოში შედგენილი არ არის, ის არის მთელი მსოფლიოს გამოცდილებაზე დაფუძნებული და ისე შედგენილი, მას თან უამრავი გამოცდილი ადამიანის შრომა ახლავს. ჩემთვის გაუგებარია იმის უნდობლობა, რაც მსოფლიოს გამოცდილებით არის დადგენილი. როცა ამას ექიმი არ ენდობა, აბსოლუტურად მიუღებელია. მედიცინა ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესასწავლი მეცნიერებაა და დიდ დროს მოითხოვს. მარტივი რომ იყოს წამლის დანიშვნა, მაშინ ამ პრობლემებს ბევრად ადვილად გაართმევდა თავს კაცობრიობა. კატეგორიულად არ შეიძლება თვითშემოქნედება. მარტო კოვიდის დროს კი არა, ზოგადად, ვირუსულ ინფექციაზეც ვსაუბრობ. თუ ბაქტერიული ფლორა თან არ ახლავს ვირუსულ ინფექციას და არ არის გააქტიურებული, ანტიბიოტიკის მიღება მხოლოდ ვნებს და არანაირ ეფექტს არ მოიტანს.
21-ე სუკუნეში ცოტა უხერხულია ამაზე საუბარი. მით უმეტეს, ბავშვებს ექიმის დანიშნულების გარეშე არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ ანტიბიოტიკები.
ჰკითხეთ, ჩვენ გამოცდილ ინფექციონისტებს და იგივეს გეტყვიან. მთელ დედამიწაზე რომელ ინფექციონისტსაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველა ერთსა და იმავე პასუხს გაგცემთ, რომ ვირუსული ინფექციის დროს ანტიბიოტიკების გამოყენება არ შეიძლება. თუ გაქვთ კოვიდინფექცია და ხართ სახლის პირობებში, მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობის მდგომარეობას, არ გართულდეს და თუ საჭიროა ექიმის ჩართვა, დროზე მიმართეთ ექიმს, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვისაც თანმხლები დაავადებები გაქვთ. კლინიკებში ხშირად მოდიან დაგვიანებული პაციენტები. დაგვიანებული შემთხვევა კი არის ურთულესი სამართავი და ზოგჯერ სამწუხაროდ ფატალური შედეგებით მთავრდება.. ბევრი სახლში თვითნებურად იწყებს მკურნალობას, თუნდაც ანტიბიოტიკებით, რასაც საბოლოოდ მძიმე შედეგი მოაქვს. მიმართეთ ექინს დროულად და მიიღეთ ყველა მედიკამენტი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები