ნათია თურნავამ USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომლის მთავარი თემაც ენერგეტიკული პროექტების რისკების შემცირება და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები იყო.

ნათია თურნავამ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ონლაინ რეჟიმში მიმართა და აღნიშნა, რომ ენერგოსექტორი გადის რეფორმების მნიშვნელოვან პერიოდს, რაც ნაწილობრივ განპირობებულია საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებითა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით.

„დღეს ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერითა და ინიციატივით ვსაუბრობთ საქართველოს ენერგეტიკის სფეროში არსებულ გამოწვევებზე, რაც მიზნად ისახავს ჩვენი ენერგეტიკული სფეროს საინვესტიციო რისკების შემცირებას, ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი რომ გავხადოთ ეს სფერო”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა ღონისძიების კომენტირებისას. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში წარმატებით იქმნება საკანონმდებლო ბაზა მომავალი პროექტებისთვის და განისაზღვრენა პირველადი აქტები.

„სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული ეროვნული გეგმის (NECP) შემუშავება – ის განსაზღვრავს ქვეყანაში ენერგეტიკის განვითარების მიმართულებას, მოიცავს უამრავ სხვადასხვა პროექტს და ღონისძიებას, რომლებიც განხორციელდება მომდევნო ათწლეულში. რისკის შერბილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მცდელობებისთვის, რადგან ისინი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ საქართველოს მომავალზე”, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავამ ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ამ ეტაპზე უკვე შესრულებული სამუშაოების და არსებული მთავარი საკითხების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, განხორციელდა ელექტროენერგიის ბაზრის კონცეფციის დიზაინის ძირითადი დებულებები, ასევე, საცალო ბაზარი მიმწოდებლებისა და მომხმარებლებისთვის. დღეისათვის 45-მა მსხვილმა სამრეწველო მომხმარებელმა მოიპოვა წვდომა ელექტროენერგიის ღია ბაზარზე და გახდა პირდაპირი მომხმარებელი, რაც მათ საშუალებას აძლევს, შეიძინონ ელექტროენერგია საბაზრო ფასად. მინისტრის თქმით, საქართველოს ენერგო ბირჟა, რომელიც ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობს, 2022 წლის დასაწყისში სრულად ამოქმედდება. „ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ საქართველო უფრო მეტად ენერგეტიკულად დამოუკიდებელი და მაშასადამე, ეკონომიკურად დამოუკიდებელი იყოს და ჩვენ, პირველ ყოვლისა, საკუთარი, მდიდარი ენერგეტიკული რესურსები გამოვიყენოთ”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

შეხვედრის გახსნით ნაწილში, რომელიც ონლაინ რეჟიმში გაიმართა, ასევე, მონაწილეობდნენ USAID საქართველოს მისიის დირექტორი – პიტერ ვიბლერი, საქართველოს ბიზნესის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი – ლევან ვეფხვაძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე – დავით თვალაბეიშვილი, ენერგოსექტორში მოღვაწე ინვესტორები, დეველოპერები და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები