9-10 დეკემბერს, ეროვნულ სასახლეში კულტურის დიპლომატიის ახალგაზრდული აკადემიის სესია გაიმართება
9-10 დეკემბერს, ეროვნულ სასახლეში კულტურის დიპლომატიის ახალგაზრდული აკადემიის რიგით მეოთხე სესია გაიმართება. ინფორმაციას მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ავრცელებს.
მათი ცნობით, კულტურის დიპლომატიის ახალგაზრდული აკადემიის მიერ გამართულ სესიაზე მოწვეული სტუმრები ისაუბრებენ თანამედროვე მსოფლიო კულტურაში არსებული გამოწვევების შესახებ, თუ რა გავლენა იქონია პანდემიამ კონკრეტულად ამ სფეროში.
“შეხვედრაზე, რომლის თემაა ,,კულტურის დიპლომატია და პანდემია“, განხილული იქნება პანდემიის დროს განხორციელებული პროექტების მიმდინარეობის პერიპეტიები, ყურადღება დაეთმობა კულტურის სფეროში 2022 წლისთვის დაგეგმილ სხვა სიახლეებსა და პროექტებს. უცხოელი ექსპერტები საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს წაუკითხავენ ინტერაქტიულ ლექციებს და გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას კულტურის სფეროში.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდება, მონაწილე ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები.
კულტურის დიპლომატიის ახალგაზრდული აკადემია 2018 წელს ეროვნული სასახლის, ხელოვნების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, ევროპის კულტურის პარლამენტის, ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდის ,,კავკასია” (Stichting Caucasus Foundation) და მოძრაობა ,,ევროპის სულისთვის“ (A Soud For Europe) მხარდაჭერით ჩამოყალიბდა.
კულტურული დიპლომატია წარმოადგენს მოქალაქეებსა და ქვეყნებს შორის იდეების, ინფორმაციის, ხელოვნებისა და კულტურის სხვა ასპექტების გაცვლა-გამოცვლას, რათა ხელი შეეწყოს ორმხრივ ურთიერთგაგებას. ხოლო საქართველო, როგორც მულტიკულტურული ქვეყანა, მის საზღვრებში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს შორის დიალოგის ხელშეწყობის განსაკუთრებული საჭიროების წინაშე დგას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.