კულტურის სამინისტრომ გალაკტიონ ტაბიძის აქამდე გამოუქვეყნებელი 20 ხელნაწერი შეისყიდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმისთვის გალაკტიონის აქამდე გამოუქვეყნებელი 20 ხელნაწერი შეიძინა. როგორც კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წელს, დიდი ქართველი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წელი გავიდა და სიმბოლურია, რომ სწორედ წელს მოხდა ეს ამბავიც.
ხელნაწერები მოიცავს 32 ლექსს, 6 დღიურის სახის ჩანაწერს, 1 თარგმანს, 1 პირად წერილს, 10 ჩანახატს – სულ 40 ფურცელი, 70 გვერდი. აღსანიშნავია, რომ გალაკტიონ ტაბიძის არქივი სწორედ ლიტერატურის მუზეუმშია დაცული, აღნიშნული ხელნაწერებით კი მუზეუმის ფონდი კიდევ უფრო გამდიდრდება და გამრავალფეროვნდება. პოეტის შემოქმედებით დაინტერესებული მკვლევრებისთვის კი აქამდე გამოუქვეყნებელი ხელნაწერები მნიშვნელოვანი სიახლე იქნება.
გალაკტიონ ტაბიძის პირადი წერილები და ჩანაწერები ფრაგმენტულად აქვს გამოყენებული ნოდარ ტაბიძეს თავის წიგნებში და სრული სახით აქამდე არ გამოცემულა. კულტურის სამინისტროს მიერ შეძენილ ხელნაწერებში კი შემონახულია დიდი პოეტის ჩანაწერები, ადრეული წლების ლექსები და ლევ ტოლსტოის პროზაული ტექსტის თარგმანები, რომელთა შესახებ აქამდე საზოგადოებისათვის ცნობილი არ იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები