ირაკლი კობახიძე: სახელმძღვანელოს აკლია მითითება, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩამოყალიბებული იყო ავტორიტარული რეჟიმი

“ამ სახელმძღვანელოს ნამდვილად აკლია მითითება, რომ სააკაშვილის პირობებში საქართველოში ჩამოყალიბდა უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, რომლის შედეგიც იყო ადამიანის უფლებათა სისტემური ხელყოფდა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია.

„ჩვენ ვიხილეთ სიცრუის ტირაჟირების მცდელობა „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომლებიც გვხვდება კონკრეტულ სასკოლო სახელმძღვანელოში. საქმე გვაქვს მარტივი ფაქტების კონსტატაციასთან, რაც არის ლაკონიურად და მოკრძალებულად ციტირებული. ამ სახელმძღვანელოს ნამდვილად აკლია მითითება, რომ, სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, 9 წლის განმავლობაში საქართველოში იყო ჩამოყალიბებული უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, რომლის შედეგიც იყო ადამიანის უფლებათა სისტემური ხელყოფდა, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი და ა.შ. ვფიქრობ, მომავალში ეს ყველაფერი სახელმძღვანელოში არის შესატანი, ასევე, აკლია მითითება, რომ სააკაშვილი არის კრიმინალი პრეზიდენტი, რომლის დანაშაულიც აღიარებული იქნება ქართული მართლმსაჯულების მიერ. ვფიქრობ, ასეთი ჩანაწერები სახელმძღვანელოს აუცილებლად უნდა დაემატოს, ეს იქნება ფაქტების კონსტატაცია. ის ადამიანები, რომლებიც ჩადიოდნენ უამრავ დანაშაულს მათ შორის კორუფციის და ყაჩაღობის კუთხით, ვფიქრობ, 3 მილიარდზე მეტიც აქვთ მთლიანობაში მიტაცებული, აგებენ პროპაგანდას იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც 3 მილიარდი დოლარი თავისი ფული აქვს დახარჯული მხოლოდ ქველმოქმედებაში. ეს არის მორიგი მცდელობა, რომ სიმართლე თავდაყირა დააყენონ, მაგრამ საზოგადოება ხედავს ყველაფერს და ამის მიხედვით მიიღებენ პასუხს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საზოგადოების ნაწილი მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი მიაჩნიათ, რომ ის ქვეთავები, რომელიც აგვისტოს ომს, „ვარდების რევოლუციას“ და ბიძინა ივანიშვილს ეხება, პროპაგანდისტულია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები