ოთარ ყარალაშვილის გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში

9 დეკემბერის, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი  უმასპინძლებს ოთარ ყარალაშვილის პროექტს „ჯადოსნური ბაღი“.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, პროექტი ხორციელდება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით, პრინტის საერთაშორისო ფესტივალის “Life N Style 2021” ფარგლებში, წიგნის ხელოვნების ცენტრთან კოლაბორაციით.
გამოფენას საფუძვლად დაედო ციფრული კოლაჟის ტექნიკით შესრულებული 90 შავ-თეთრი ილუსტრაცია გიგი თევზაძის წიგნისთვის – „კრიტიკული აზროვნების და, ამავე დროს, ფილოსოფიის, როგორც კრიტიკული აზროვნების გამოცდილების გზამკვლევი“.
„გამოფენის ავტორი, ტექსტის ინტერპრეტაციის პროცესში, საძიებო სისტემის ფუნქციას ასრულებს. თითოეული ილუსტრაცია დამუხტულია ფარული და პირდაპირი ციტატებით, სიმბოლოებით, მეტაფორებითა და ალუზიებით. გამოსახულებაში ტექნიკური ნახაზებისა და შუა საუკუნეების აბჯრის, სამეცნიერო ილუსტრაციის და დაზგური მხატვრობის შედევრების, ძველი ხელნაწერებისა და თეატრალური ნიღბების ფრაგმენტები ერთ მთლიანობას ქმნის.
გამოფენა გვთავაზობს ილუსტრაციის, როგორც ჟანრის ახლებურ გაგებას, სადაც ილუსტრაცია ერწყმის ფილოსოფიას, ფილოსოფია – მუსიკას, მუსიკა – პროგრამირებას, პროგრამირება – პოეზიას, პოეზია – არქიტექტურას, არქიტექტურა – ქანდაკებას. ვიზუალური ხელოვნების ეს მიმართულება დღეს აღარაა მიბმული მხოლოდ ბეჭდურ წიგნზე, როგორც მედიუმზე, ის შეიძლება იყენებდეს ყველა არსებულ ნიშანთა სისტემასა და გამომსახველობით საშუალებას. ნაბეჭდ გამოსახულებასთან ერთად, ექსპოზიცია შეიცავს სივრცით ობიექტებს, აუდიოვიზუალურ და ტექსტურ კომპონენტებს, ინსტალაციებს, განათების ეფექტებსა და ანიმაციას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გამოფენის კურატორია ნანა ყირმელაშვილი.
გამოფენის ხანგრძლივობა: 9 დეკემბერი, 2021 – 20 იანვარი, 2022
მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები