“იმის მტკიცება, რომ ღარიბაშვილი ივანიშვილის მინისტრებისგან “გათავისუფლდა”, ჭკუათხელი ადამიანების ნააზრევია”!

ჯუმბერ კირვალიძე – პოლიტოლოგი

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, რომ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 7 სამინისტროს პირველი პირები შეცვალა, თუმცა, 7 მინისტრიდან 2 დარჩა მთავრობის წევრად, მათ მხოლოდ მინისტრის “სავარძლები გამოიცვალეს”. ამასთან მიმართებით, სხვადასხვა კომენტარები გაკეთდა მედიაში, იმასაც კი ამბობს მავანი, რომ, თურმე ნუ იტყვით და, ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის “კადრებისგან თავისუფლდებაო”?! ნუ, რა უნდა თქვა, როცა ასეთ “სიბრძნეს” მოისმენ, ან წაიკითხავ?! რაც მთავარია, ასეთ პერსონებს პრეტენზია აქვთ “პოლიტიკური ექსპერტ–ანალიტიკოსობისა”, დიახ და, არც უფიქრდებიან თუ რა აბსურდულ დასკვნებს აკეთებენ. ეს მთავრობა და მთლიანად ხელისუფლება, როგორც იყო ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის პერიოდში (რომელიც, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით მოვიდა ხელისუფლებაში), ისევე დარჩა და დღესაც არის ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას, – ივანიშვილ/ღარიბაშვილის ხელისუფლება და ამ ორ პერსონას შორის (მეთაურის და მემკვიდრის) უთანხმოების და დაპირისპირების ნიშანწყალიც არ ჩანს, იმიტომ, რომ რეალურად არც არსებობს! აქედან გამომდინარე, იმის მტკიცება, რომ ღარიბაშვილი ივანიშვილის მინისტრებისგან “გათავისუფლდა”, არის სრული ბლეფი, ან უბრალოდ, ჭკუათხელი ადამიანების ნააზრევი. მიმაჩნია, რომ საქმე ეხება მინისტრთა კაბინეტის საფუძვლიანი რეფორმირების დაწყებას, რომლის აუცილებლობაც “პოლიტიკურმა დრომ” მოიტანა! ცხადია, რომ საკადრო ცვლილებები ნაკარნახევია ახალი გამოწვევებით, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფოს განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლასთან, როგორც პოლიტიკურ ისე ეკონომიკურ ასპექტში და საარჩევნო, სამეტაპიანი ციკლის დასრულებასთან, რამაც ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნა! არ გამოვრიცხავ, რომ კონკრეტულად ამ ხუთ მინისტრთან მიმართებაში, პრემიერ ღარიბაშვილს ჰქონდა რაიმე შენიშვნები პროფესიული ან სხვა თვალსაზრისით, აბა ისე თანამდებობას არ ატოვინებენ, ეს გასაგებია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ძირითადი მიზეზი მათი გათავისუფლების, ალბათ, გახლავთ ამ მინისტრების ნაკლებად პოლიტიკური აქტიურობა, მეტიც, პასიურობა… არადა, ის მინისტრთა კაბინეტი ითვლება ძლიერად და მონოლითურად, რომელიც პროფესიულთან ერთად ერთგული პოლიტიკური თანამოზრეებით არის დაკომპლექტებული!.. დიახ, სამთავრობო საკადრო ცვლილებები დაიწყო და იგი აუცილებლად გაგრძელდება, სხვაგვარად შეუძლებელი იქნება პროგრესის მიღწევა, წინ ბევრი პრობლემებია, ხოლო 2 წელიწადში საპარლამენტო არჩევნები… მავანის მიერ, იმის მტკიცება, რომ პრემიერი ღარიბაშვილი სხვა მინისტრებს “ვერ შეეხო”, მხედველობაში ჰყავთ კოალიციაში შემავალი ორი პარტიის წარმომადგენლები – “რესპუბლიკელების”, ზაქარეიშვილი და “თავისუფალი დემოკრატების” – ალასანია, პეტრიაშვილი, წულუკიანი და “უპარტიო” ფანჯიკიძე, – ნაწილობრივ სიმართლეს შეეფერება, მითუმეტეს, პარტიის თავმჯდომარის ალასანიას შემთხვევაში, რასაც შესაძლებელია მისი პარტიის კოალიციიდან გასვლა მოყოლოდა… ამიტომ, პოლიტიკური კოალიციის პირობებში სამთავრობო – საკადრო ცვლილებები საკმაოდ მტკივნეულია და არც საქართველოს შემთხვევაში იქნება იოლი, თუმცა მას ალტერნატივა არა აქვს, თუ გვინდა, რომ ქვეყანა პოლიტიკურად, ეკონომიკურად და დემოკრატიულად განვითარდეს!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები