დავით სერგეენკო: პოლიტიკური სარჩულის ძებნა ყველაფერში, მით უმეტეს, ბავშვების სასკოლო სახელმძღვანელოებში არასწორი მგონია
“პოლიტიკური სარჩულის ძებნა ყველაფერში, მით უმეტეს, ბავშვების სასკოლო სახელმძღვანელოებში არასწორი მგონია”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი ისტორიის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას, რომელიც მიიჩნევს, რომ წიგნი პროპაგანდისტულია.
სერგეენკოს თქმით, სახელმძღვანელოებში შედიან ის პოლიტიკური მოღვაწეები, ვინც ჩათვალა, რომ ქვეყნის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანა.
„სახელმძღვანელოების შექმნისას გარკვეული წესებით ხელმძღვანელობენ და ასე ყველაფერში პოლიტიკური სარჩულის ძებნა, მით უმეტეს, ბავშვების სასკოლო სახელმძღვანელოებში არასწორი მგონია. სახელმძღვანელოებში შედიან ის პოლიტიკური მოღვაწეები, ვინც ჩაითვალა, რომ ქვეყნის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანა. მე არ ვიცი პროტოკოლის რაიმე ერთი ნაწილი მაინც, რომელიც რაიმე ფორმით კრძალავს იმას, რომ მოქმედი პოლიტიკოსი არ იყოს შეტანილი სახელმძღვანელოში. ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ონლაინ-პლატფორმა არის ვიკიპედია, სადაც უამრავი ინფორმაციაა, მათ შორის, მოქმედ პოლიტიკოსებზე. არ ვიცი, ეს რამდენად მიუღებელი და დაუშვებელია, რომ მოქმედი პოლიტიკოსი შევიდეს ისტორიის სახელმძღვანელოში”, – განაცხადა სერგეენკომ.
ცნობისათვის, პარტია “დროამ” 6 დეკემბერს 15:00 საათზე, განათლების სამინისტროსთან აქცია დააანონსა და მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს, სადაც გარკვეული ქვეთავები ეთმობა აგვისტოს ომს, “ვარდების რევოლუციას” და ბიძინა ივანიშვილს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ წიგნი პროპაგანდისტულია.