თბილისში მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი დუმილის უფლებას იყენებს

თბილისში, სანზონაში არასრულწლოვანის დ.კ-ს მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ლ.ი.-ს ადვოკატის ინფორმაციით, არასრულწლოვანი დანაშაულს არ აღიარებს.

ადვოკატ გოგა ბოგვერაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

„არასრულწლოვანია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ, რომელსაც შევხვდი. გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის მუხლით, თუმცა ამ დრომდე ბრალი არ წარუდგენიათ. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ დააკავეს არასრულწლოვანი და უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო დაკავებისთანავე ადვოკატი, დღეს მოხდა ჩართვა ჩემი მხრიდან, მასალები ჯერ არ გადმომცემია, განცხადებით მივმართე გამოძიებას. ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს და იყენებს დუმილის უფლებას. უცნობია, სად დააკავეს. კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, თბილისში არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ორი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, 2005 წელს დაბადებული ლ.ი. განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული, ხოლო 2004 წელს დაბადებული პ.ვ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე. გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ი.-მ, მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებულ დ.კ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ლ.ი.-სთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა მეორე ბრალდებული პ.ვ. რომელიც შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს და არ შეატყობინა სამართალდამცავ უწყებებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 376- ე მუხლის მე- 3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები