იოსებ არჩვაძე: ბიზნესსექტორის მაღალი ტემპებით ზრდა მიღწეულია ქვეყანაში სამეწარმეო და ბიზნესგარემოს თანმიმდევრული გაუმჯობესებითა და ხელისუფლების სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკით
“საქართველოს ეკონომიკის ზრდა განპირობებულია, ძირითადად, კერძო სექტორის, ბიზნესსექტორის დამაჯერებელი, დინამიკური განვითარებით, რომელზეც მოდის ქვეყნის ეროვნული პროდუქტის თითქმის 3/4. 2021 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს-სექტორის ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 38.5 პროცენტით, ხოლო პანდემიამდელ, 2019 წლის მესამე კვარტალთან შედარებით – 39.4 პროცენტით და 40.5 მლრდ. ლარი შეადგინა,” – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი, იოსებ არჩვაძე საქართველოს ბიზნესსექტორის სტატისტიკას 2021 წლის მესამე კვარტლისთვის.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში იოსებ არჩვაძემ აღნიშნა, რომ ბიზნესსექტორის გამოშვება წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით გაიზარდა 29.0 პროცენტით, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 17.7 პროცენტით. რეალურ განზომილებაში (ფასების ფაქტორის გამორიცხვით) გასულ წელთან შედარებით ბიზნესსექტორის ბრუნვის ზრდამ 23 პროცენტი, ხოლო ბიზნესგამოშვების ზრდამ თითქმის 15 პროცენტი შეადგინა. მისი თქმით, წლის მესამე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ყოველთვიურად ბიზნესსექტორის ბრუნვა საქართველოს მოსახლეობის ყოველ ერთ სულზე გაანგარიშებით ათასი ლარით, ხოლო გამოშვება – 300 ლარით მეტი იყო.
იოსებ არჩვაძის ინფორმაციით, ბიზნესსექტორის ბრუნვა და გამოშვება გაიზარდა ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად ყველა სფეროში. ამასთან, სამუშაო ადგილების რაოდენობამ მოიმატა 5.0%-ით (32.5 ათასით) და 678.0 ათასი შეადგინა. ამჟამად, ბიზნესსექტორზე მოდის ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა 52.9% – 2.0 პუნქტით მეტი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. გასულ წელთან შედარებით, ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა რიცხოვნობის მატება მთლიანად მიღწეულია ბიზნესსექტორში დასაქმების ზრდის ხარჯზე. მისი თქმით, საშუალო ხელფასი ბიზნესსექტორში 1455.5 ლარია, რაც ეროვნული მეურნეობის დანარჩენ დარგების მაჩვენებელს დაახლოებით 17%-ით აღემატება.
„ბიზნესსექტორის წარმატებული განვითარება ადეკვატურად აისახება ქვეყნის ეროვნულ მეურნეობაში მისი შეტანილი წვლილის ზრდასა და ადგილობრივი ექსპორტის საერთაშორისო ბაზრებზე ექსპანსიაში. 2021 წლის მესამე კვარტალში ადგილობრივი ექსპორტის თანაფარდობამ ბიზნესსექტორის გამოშვებასთან 17.2% შეადგინა, რაც, მიუხედავად ეროვნული ვალუტის რამდენადმე გაუფასურებისა, აღემატებოდა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს,“ – აღნიშნა იოსებ არჩვაძემ.
ეკონომიკის ექსპერტის შეფასებით, ბიზნესსექტორის აღნიშნული მაღალი ტემპებით ზრდა, მისი როლისა და წონის მატება ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში, სამუშაო ადგილების შექმნასა და დასაქმებულთა მზარდ ანაზღაურებაში მიღწეულია ქვეყანაში სამეწარმეო და ბიზნესგარემოს თანმიმდევრული გაუმჯობესებით, ხელისუფლების სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკით, მათ შორის, ბიზნესის სფეროში დასაქმებულთა სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების და ინოვაციების წახალისების მიმართულებით, მთლიანობაში, ბიზნესის მხარდამჭერი, ამ უკანასკნელის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისაკენ მიმართული კომპლექსური და თანმიმდევრული ღონისძიებების გატარებით.