მაია ბითაძემ გარემოსდაცვითი დემოკრატიის პრინციპების შესახებ ცოდნის გაზიარების სესიაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ მონაწილეობა მიიღო გარემოსდაცვითი დემოკრატიის პრინციპების, ღია მმართველობის პარტნიორობისა და ორჰუსის კონვენციის შესახებ ცოდნის გაზიარების სესიაში.

პარლამენტის ინფორმაციით, სესიის მიზანს წარმოადგენს გარემოს დაცვის დემოკრატიის ძირითად პრინციპებზე და საქართველოს მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების მიმოხილვა.

მონაწილეებმა ამ სფეროში ჩვენი ქვეყნის სამომავლო გეგმები განიხილეს და ასევე, გარემოს დაცვის დემოკრატიის კიდევ უფრო განმტკიცების მიმართულებით ხელის შეწყობის შესაძლებლობაზე ისაუბრეს.

„უნდა აღვნიშნო, რომ საქართველომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა გარემოსდაცვითი დემოკრატიის არსის აღქმისა და პრაქტიკაში განხორციელებისთვის. ის, რომ დღეს გარემოს დაცვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, მისი პროაქტიული გავრცელების ვალდებულების აღქმა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდა, უკვე სხვა დონეზეა, ეს სწორედ გარემოსდაცვითი დემოკრატიის საფუძვლების გამყარების შედეგია.

ასევე, რამდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულების წევრობა, რომელიც პირდაპირ და ირიბად საქართველოში გარემოს დაცვის განვითარებას უწყობს ხელს, არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენმა ქვეყანამ სულ რამდენიმე წლის წინ, ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის დროს, პრიორიტეტად დაასახელა გარემოსდაცვითი დემოკრატია და ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებები. მოხარული ვარ, რომ ბრიტანეთის მთავრობის დახმარებით საქართველოს პარლამენტს აქვს მიმდინარე პროექტი, რომელიც გარემოსდაცვითი დემოკრატიის ფარგლებში თემატურ მოკვლევას აწარმოებს, მართალია მომიჯნავე მიმართულებით, თუმცა მაინც, თემატური მოკვლევა თავისთავად უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობისა და მონაწილეობის მაღალ და ეფექტიან დონეს.

ვიმედოვნებ, რომ ის სამომავლო გეგმები, რაც ჩვენ ერთობლივად გვაქვს, მოგვცემს საშუალებას, რომ ბევრად მეტი სასიკეთო საქმე გავაკეთოთ, რაც საბოლოოდ შეიძლება სამართლებრივ ცვლილებებშიც აისახოს. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის პრაქტიკული ღონისძიებები და ჩვენი ქცევის შეცვლა, როგორც სამთავრობო დონეზე, ასევე საზოგადოებაში”,- განაცხადა მაია ბითაძემ სესიაზე გამოსვლისას.

სესია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა ბრიტანეთის საელჩოს, ვესტმინსტერის განვითარების ფონდის WDF-ის ორგანიზებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები