პარლამენტმა უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი 74 ხმით დაუჭირეს.
პარლამენტის ინფორმაციით, კანონის პროექტით წესრიგდება, 2022-2023 სასწავლო წლის ჩათვლით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობების დადგენასთან დაკავშირებული საკითხი.
გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ უფლება, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, განსაზღვრონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობისგან განსხვავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური.
„ერთი წლით, 2022- 2023 სასწავლო წლის ჩათვლით, გახანგრძლივდება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება განსაზღვროს სახელმწიფო სასწავლო გრანტების სრული და მაქსიმალური ოდენობა ასევე, ნაწილობრივი ოდენობები. ამასთან, ერთი წლით გახანგრძლივდება სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ვალდებულება, სახელმწიფო სასწავლო გრანტების შესაბამისად განსაზღვრონ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის საფასური. ასევე, თუკი დადგება საჭიროება უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის საფასური იყოს უფრო მეტი, ვიდრე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებული იქნება ეს საკითხი საქართველოს მთავრობას შეუთანხმოს”, – განაცხადა საკითხზე მომხსენებელმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ.