მიხეილ სააკაშვილი:მეგონა, კიევში მაგარი სახლი ავაშენე, პატარა “სარაიაა” მთავარი პროკურორის სახლთან შედარებით
“იყო დრო, როდესაც საქართველოდან წავედი, მართლა საჭმლის ფულის პრობლემა გვქონდა. მერე დავიწყე ლექციების კითხვა – ვინ მასამართლებს მე, ადამიანს, რომელსაც საქართველოდან არაფერი წამიღია”,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან პროკურორები და მოსამართლეები კორუფციაში დაადანაშაულა.
“იყო დრო, როდესაც საქართველოდან წავედი, მართლა საჭმლის ფულის პრობლემა გვქონდა. მერე დავიწყე ლექციების კითხვა. ვაღიარებ, ბოლო წლებში უკრაინაში ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ იმიტომ, რომ როგორც იქნა ბიზნეს სექტორისა და სახელმწიფოს მიერ ჩემი გამოცდილება დაფასდა, მაგრამ ვინ მასამართლებს მე, ადამიანს, რომელსაც საქართველოდან არაფერი წამიღია, თითზე გადასახვევიც კი. ვინ მასამართლებს მე? კლანის ხელმძღვანელმა, ლევან მურუსიძემ პანდემიის დროს ეკონომიკა რომ ჩამოგვეშალა, მრავალი ასეული ათასი გადაიხადა ფეშენებელურ სასახლეში და ასევე, 102 ათასი დოლარი ავტომობილში. არაფერი მოუპარავს ჰო?! მე პრეზიდენტი ვიყავი და ასეთი არაფერი იყო. ტელევიზორში ვნახე მთავარი პროკურორის სასახლე, რომელიც არც დამესიზმრება. მეგონა, კიევში მაგარი სახლი ავაშენე, პატარა “სარაიაა” იმასთან შედარებით, რაც შოთაძემ და მისმა მოადგილეებმა გადაიხადეს. ფარცხალაძემ რომელიც თქვენი მამა-მარჩენალია, გადადგომიდან რამდენიმე კვირაში 3 მლნ ლარის უძრავი ქონება დაირეგისტრირა”,-განაცხადა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.