მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში უნდა მოხდეს დეცენტრალიზაცია, წალენჯიხას უნდა ჰყავდეს თავისი არჩეული შერიფი
მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში სრული დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს, პოლიცია მუნიციპალურ დონეზე უნდა არსებობდეს და ქალაქებს თავისი არჩეული შერიფი უნდა ჰყავდეს. ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.
“საქართველოში უნდა მოხდეს სრული დეცენტრალიზაცია, პოლიცია უნდა იყოს მუნიციპალური. მაგალითად წალენჯიხას უნდა ჰყავდეს თავისი არჩეული შერიფი, ბათუმს უნდა ჰყავდეს შერიფი და მაშინ ვეღარ მოხდება ისე, რომ ბათუმში ვიღაცეების დასარბევად ჩაჰყავდეთ ოზურგეთიდან სპეცრაზმი. ეს უნდა იყოს არჩევადი.
ჩვენ უნდა დავიწყოთ ფართო დისკუსია, ქვეყანა ქრება მსოფლიო რუკიდან, უნდა შევთანხმდეთ რომ
ელექტრონული არჩევნები უნდა ჩატარდეს. მედია კოდექსი უნდა მიიღონ”,- განაცხადა სააკაშვილმა,
მისივე თქმით, საქართველოში უნდა შეიცვალოს სასამართლო სისტემაც და ქვეყნის განვითარება, რომელიც 2012 წლამდე მიმდინარეობდა, უნდა გაგრძელდეს.
“მთლიანად უნდა შეიცვალოს სასამართლო სისტემა, ყველანი უნდა იყვნენ დათხოვილი და მთლიანად უნდა შეიცვალოს პროკურატურა.
მაგარი მომავალი აქვს საქართველოს. რომ არ გაჩერებულიყო განვითარება 2012 წელს ბულგარეთზე წინ ვიქნებოდით. ქალები კაცები ემიგრაციაში არ წავიდოდნენ. ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება თუ ჩვენ ყველა ერთად ამაზე ვიმუშავებთ,”- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.