მიხეილ სააკაშვილი: 3 საათით ადრე მომიყვანეს და სასამართლო 50 წუთის დაგვიანებით დაიწყო, თქვენ ეტყობა ბევრი დრო გაქვთ, მე არა
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პროცესის დაგვიანებით დაწყებაზე ისაუბრა.
მან ყველას მოუწოდა, სასამართლოში დათქმულ დროს გამოცხადდნენ, რომ პროცესი დროულად დაიწყოს.
“ამ სასამართლოს დარბაზში მომიყვანეს სამი საათით ადრე. სასამართლო დაიწყო 50 წუთის დაგვიანებით. თქვენ ეტყობა ბევრი დრო გაქვთ და მე არ მაქვს. მე ვარ უკრაინის უმაღლესი თანამდებობის ერთ-ერთი პირი, საქართველოში აქტიური პოლიტიკოსი, რეგიონული პოლიტიკური ლიდერი, მაქვს ჩემი საქმიანობის დრო და ნამდვილად არ მაქვს დრო ფუჭად ხარჯვის კომედიებზე, 4 საათით ადრე სადღაც სარდაფში მოფიქრების და კარგად დამწნილების. მომიყვანეთ ხოლმე დროზე, როცა არის დრო და ყველა გამოცხადდეს დროზე. ეს არის პირველ რიგში საზოგადოების პატივისცემა. ამ ხალხს, რომელიც გარეთ არის შეკრებილი, სჭირდება პატივისცემა და არა ასე მოპყრობა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.