სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა პროკურორის აცილების შესახებ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება, სადაც ამ წუთებში სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონის გაფლანგვის საქმე განიხილება.
პროცესზე დაცვის მხარემ რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა. მათ შორის იყო შუამდგომლობა პროკურორ გიორგი მუჯირის აცილების შესახებ. ნიკა გვარამიას მტკიცებით, მუჯირმა პოლიტიკური განცხადება გააკეთა და მის პოლიტიკურ მიუკერძოებლობაზე აქვს პრეტენზია.
ამ შუამდგომლობის დაყენებას პროკურორებსა და გვარამიას შორის შელაპარაკება მოჰყვა. პროკურორის თქმით, თანხების გაფლანგვის შესახებ საუბრისას ფაქტებს ეყრდნობოდა და მიკერძოებაზე საუბარი ზედმეტია.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
იქამდე, დაცვის მხარემ სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა სხდომაზე მედიის დასწრების შესახებ, რომელიც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონის გაფლანგვის საქმეს განიხილავს.