ნათია თურნავა: საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერება იქნება იმის გარანტი, რომ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ნება-სურვილზე ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებულები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, საარბიტრაჟო სასამართლოში „ინტერ რაოსთან” მიმდინარე დავა ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა.

„ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მივაღწიოთ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და განვავითაროთ საკუთარი ენერგოგენერაციის წყაროები”, – აღნიშნა ნათია თურნავამ საარბიტრაჟო სასამართლოში „ინტერ რაოსთან” მიმდინარე დავის შესახებ საუბრისას.

როგორც ცნობილია, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს Inter Rao-ს სასარგებლოდ 80.5 მილიონის გადახდა დააკისრა, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა, საკითხზე სამართლებრივი დავა კი გრძელდება.

საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული, შესაბამისად, არბიტრაჟის გადაწყვეტილება, როგორც დაუსაბუთებელი, გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სწორედ საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობაა იმის გარანტი, რომ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ნება-სურვილზე ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებულები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები