ოთარ კახიძე – ზვიადაურის გათავისუფლებაზე: ძალიან უცნაურია, როცა დანერგილი პრაქტიკისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას იღებენ, როდესაც ბრალდებული ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია

“ძალიან უცნაურია, როცა დანერგილი პრაქტიკისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას იღებენ, როდესაც ბრალდებული ხელისუფლებასთან დაახლოებული პიროვნებაა”, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე გირაოს სანაცვლოდ ძიუდოისტ ზურაბ ზვიადაურის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების ფაქტს.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების სამართლიანობასთან დაკავშირებით შესაძლოა, საზოგადოებაში ლეგიტიმური კითხვები გაჩნდეს.

„ზოგადად, წინასწარი პატიმრობის მიზანია, რომ თავიდან იქნას აცილებული ბრალდებულის მიმალვა, მტკიცებულებების განადგურება ან მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა. როდესაც საუბარია ასეთ მძიმე დანაშაულზე, რასაც ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა მოჰყვა, ამ დროს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არის ზოგადად მაღალი და პროკურატურა უნდა ითხოვდეს პატიმრობის გამოყენებას. ეს არის  სტანდარტი, რაც აქვს ქართულ სასამართლოს და ძალიან უცნაურია, როცა ამ პრაქტიკისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას იღებენ, როდესაც ბრალდებული არის ხელისუფლებასთან დაახლოვებული პიროვნება. მით უმეტეს, საგანგაშოა, როცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, როცა დანაშაული არა საკუთრებისკენაა მიმართული ან რაიმე შედარებით მსუბუქი დანაშაულია, არამედ არის ადამიანის სიცოცხლისკენ მიმართული ქმედება. ბუნებრივია, რომ ეს აღძრავს სერიოზულ ლეგიტიმურ კითხვებს საზოგადოებაში ამ გადაწყვეტილების სამართლიანობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კახიძემ.

ცნობისთვის, თელავის რაიონულმა სასამართლომ 16 აგვისტოს წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტი, ზურაბ ზვიადაური და კიდევ ერთი ბრალდებული, ჯაბა ჯანგირაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს, ჯაბა ჯანგირაშვილი კი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

შემთხვევა სოფელ წინანდლის ტყეში მიმდინარე წლის 16 აგვისტოს მოხდა. ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა 5 პირი, მათ შორის 3 გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი ყოფილი დეპუტატისა და ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური იყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები