გიორგი კამკამიძე: „თუ გვყავს „მწვანე პასპორტიანი“ ადამიანი, ეს ინფექციის შესაძლო შემთხვევებს მაინც არ გამორიცხავს, მნიშვნელოვნად შეამცირებს, მაგრამ 100 %-იანი დაცვა არაა“

„თუ გვყავს „მწვანე პასპორტიანი“ ადამიანი, ეს ინფექციის შესაძლო შემთხვევებს მაინც არ გამორიცხავს, მნიშვნელოვნად შეამცირებს, მაგრამ რასაკვირველია, ეს 100 %-იანი დაცვა არაა“, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, პედიატრმა გიორგი კამკამიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კამკამიძე „მწვანე პასპორტის“ ამოქმედების საკითხს გამოეხმაურა.
„მწვანე პასპორტი“, პირველ რიგში, განკუთვნილია იმისათვის, რომ მან ვაქცინაციის პროცესი უფრო მეტად ეფექტური გახადოს. დაცვის თვალსაზრისით, ნაწილობრივ, რასაკვირველია, ეფექტი ექნება.
თუ გვყავს „მწვანე პასპორტიანი“ ადამიანი, ეს ინფექციის შესაძლო შემთხვევებს მაინც არ გამორიცხავს, მნიშვნელოვნად შეამცირებს, მაგრამ რასაკვირველია, ეს 100 %-იანი დაცვა არაა.
„მწვანე პასპორტი“ უფრო ვაქცინაციის სტიმულირებისთვის გატარებული ღონისძიებაა. ეს ნამდვილად კარგია.
რაც შეეხება სადავო თემას: უნდა იყოს, თუ არა სამუდოდ „მწვანე პასპორტის“ მქონე ის ადამიანი, ვისაც ინფექცია გადატანილი აქვს, ჩემი სუბიექტური აზრი, რაც ბევრ კვლევას ეფუძნება, არის ის, რომ მაინც სჯობს, ამ თემას ფრთხილად მივუდგეთ. საერთაშორისო გამოცდილება რაც გვაქვს – 6 -თვიანი ინტერვალი უფრო ამართლებს. ერთ სტანდარტზე უნდა შევთანხმდეთ, ინფექციის გადატანის შემთხვევაში 6-თვიანი ინტერვალი უნდა იყოს“ – განაცხადა კამკამიძემ.
მანვე ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა.
„დღევანდელი ეპიდსიტუაცია ნამდვილად პრობლემურია, ეს პირველ რიგში, დაკავშირებულია, იმ პრობლემასთან, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ცუდი ასაკობრივი თანაფარდობა გვაქვს, რისკჯგუფებში, ხანდაზმულ ადამიანებში შედარებით დაბალი მოცვა გვაქვს. განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ითვლება რომ ვაქცინაციის პროცესი კარგად განხორციელდა, ეს მაჩვენებლები საკმაოდ კარგია აქვთ. 75 წელს ზემოთ ჯგუფში ვაქცინირებულთა რადენობა უმრავლეს შემთხვევაში 80 % და მეტია, ჩვენთან ეს ძალიან დაბალია, 30 %-ს არ აღემატება. ეს არის ზუსტად იმის მიზეზი, რომ სიკვდილობა და მძიმე შემთხვევების რაოდენობა საკმაოდ მაღალია. ეს გვაძლევს იმ სურათს, რომ ჩვენი საავადმყოფოები კვლავ გადატვირთულია“ – განაცხადა კამკამიძემ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1954 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 47 პაციენტი.

1-ლი დეკემბრიდან საქართველოში „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია იგივე „კოვიდპასპორტი” ამოქმედდება. მისი მეშვეობით ვაქცინირებულ, ან კოვიდგადატანილ, ან PCR ტესტის 72-საათიანი ვალიდურობის უარყოფითი პასუხის, ანდა 24-საათიან ანტიგენ-ტესტზე უარყოფითი პასუხის მქონე მოქალაქეს „მწვანე სტატუსი” მიენიჭება.
1-ლი დეკემბრიდან მომხმარებელს მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ ქონის შემთხვევაში შეეძლება ესტუმროს შემდეგ ობიექტებს: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები / კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები – მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული) / კინოთეატრები / თეატრები / საკონცერტო დარბაზები / ოპერა / გასართობი ობიექტები / სამორინეები და სათამაშო ბიზნესობიექტები / სპა ცენტრები და ფიტნესდარბაზები / სამთო კურორტების საბაგიროები.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები