მედიალაბმა „იდეადრომის” ხუთი გამარჯვებული დააჯილდოვა
კომუნიკაციების კომისიის “მედიალაბმა” სტარტაპიდეების კონკურსის „იდეადრომის” 5 გამარჯვებული დააჯილდოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონკურსის საპრიზო ფონდი ჟიურის მიერ გამოვლენილ საუკეთესო სტარტაპ გუნდებზე გადანაწილდა.
„იდეადრომის” გამარჯვებულები საკუთარი იდეების განხორციელებას გააგრძელებენ, რაშიც მათ კონკურსის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაეხმარებათ. ერთი კვირის განმავლობაში სტარტაპგუნდებმა „მედიალაბის” მენტორებთან, ასევე, High-tech ანტრეპრენერ და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ექსპერტთან დავით ჩეჩელაშვილთან და კომპანია „კერნელის” დამფუძნებელთან, ბექა დალაქიშვილთან ერთად საკუთარი იდეების დახვეწასა და განვითარებაზე, მათ შორის სტარტაპიდეის ვალიდაციაზე, გუნდის მართვაზე, სტრატეგიებზე, პროტოტიპირებასა და პროდუქტის ტესტირებაზე იმუშვეს. გუნდებს ტრენინგები ჩაუტარეს კომპანია „ენთების” თანადამფუძნებლებმაც.
პრაქტიკულ ტრენინგებზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება კონკურსანტებს შესაძლებლობას მისცემს იდეები რეალურ პროდუქტებად აქციონ. კონკურსის ფარგლებში, სტარტაპერებმა ციფრულ სივრცეში კომუნიკაციის გამარტივებაზე, საგანმანათლებლო გეიმინგზე, ყალბი ინფორმაციისგან თავის დაცვის მექანიზმებსა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით მუშაობდნენ. გამარჯვებულები ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც US Market Access Center-ის თანააღმასრულებელი დირექტორი და UC Berkeley Sutardja Center-ის გლობალური ამბასადორი ანტრეპრენიორობისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, კრის ბარი და ფინანსების მოდელირებისა და ანალიზის სპეციალისტი Y Combinator-ში, Cartooli-ს თანადამფუძნებელი ანა ქოჩიაშვილი იყვნენ. კომუნიკაციების კომისიის „მედიალაბმა” კონკურსი „იდეადრომი” უკვე მესამედ ჩაატარა. საპრიზო ფონდი 10 000 ლარია. ეს არის კონკურსი სტარტაპერებისთვის, სტარტაპიდეიდან რეალურ შესაძლებლობამდე.
„მედიალაბის” მიზანი პოტენციური სტარტაპერებისა და სტარტაპიდეების აღმოჩენა და მათი რეალობად ქცევის ხელშეწყობაა – “იდეადრომის” წინა ორი კონკურსის მონაწილე გუნდებიდან სოციალურმა ქსელმა, Bubbler-მა, არიზონის შტატის უნივერსიტეტი დააინტერესა და პროდუქტი სატესტო რეჟიმში სწორედ იქ გაუშვა. დამატებით, პროექტმა GITA-ს 15 000-ლარიანი დაფინანსებაც მოიპოვა. Side Mision-მა მცირე დაფინანსება მოიპოვა პროდუქტის განვითარებისთვის. FeedbacKit-ი პოლონეთში გაემგზავრა საერთაშორისო ინვესტორებთან შესახვედრად, კიდევ ერთმა გუნდმა „იდეადრომზე” წარდგენილ სტარტაპზე მუშაობა შეწყვიტა, მაგრამ სხვა საქმე წამოიწყო და ბაზარზე მათი პროდუქტი უკვე იყიდება.