“ჯანმო” “ომიკრონის” შტამის წარმოშობის ვერსიას ასახელებს: შესაძლოა ის ადამიანის ორგანიზმში გაჩნდა
კორონავირუსის ახალი ვარიანტი “ომიკრონი” (B.1.1.529) შესაძლოა იმ ადამიანის ორგანიზმში გაჩნდა, რომლის იმუნიტეტიც დასუსტებული იყო და რომელიც ინფექციისგან ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა. ასეთი ჰიპოთეზა დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, მარიამ ვან კერხოვემ გააჟღერა.
„უცნობია როგორ წარმოიშვა ეს შტამი, მაგრამ ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ის შესაძლოა დაინფიცირებული პაციენტისგან გაჩენილიყო, რომელსაც დასუსტებული იმუნიტეტი ჰქონდა და რომელიც ბოლომდე არ განკურნებულა ინფექციისგან. ვირუსი მის ორგანიზმში გარკვეული დროის მანძილზე მრავლდებოდა“,- განაცხადა „ჯანმოს“ წარმომადგენელმა.
“ომიკრონის” შტამის გამოჩენასთან დაკავშირებით ვან კერხოვემ მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდა არ დაადანაშაულონ მის წარმოშობაში სახელმწიფოები, სადაც შტამი პირველად იქნა აღმოჩენილი. ამის ნაცვლად, როგორც მან განაცხადა, უნდა დააკვირდნენ COVID-ის ყველა სახეობას და ჩაატარონ უფრო მეტი ტესტი და კვლევა.
შეგახსენებთ, რომ „ჯანმომ“ “ომიკრონის” შტამი მსოფლიოსთვის საფრთხედ მიიჩნია, ვინაიდან ეს შტამი ძალიან მალე ვრცელდება, ხოლო არსებული ვაქცინები არ არის ეფექტური მის წინააღმდეგ. ამავდროულად აღნიშნული შტამი აღმოჩენილია ბრიტანეთში, გერმანიასა და იტალიაში. რიგი სხვა ევროპული ქვეყნები შტამის გამოჩენას საკუთარ ტერიტორიებზეც ვარაუდობენ.