დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში „განახლებადი ენერგიის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით” თემატური მოკვლევის მოსმენა გაიმართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში თემატური მოკვლევის შესახებ მოსმენა გაიმართა, რომელშიც ჰიბრიდულ რეჟიმში მონაწილეობდნენ დაინტერესებული ორგანიზაციები.

პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტმა „განახლებადი ენერგიის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით” თემატური მოკვლევა დაიწყო საქართველოში განახლებადი ენერგეტიკის განვითარებასთან დაკავშირებული ვითარების, არსებული პრობლემების შესწავლის, გამოვლენისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.

მოკვლევის ტექნიკური პირობები დაეგზავნათ დაინტერესებულ ორგანიზაციებს, მათ შორის საჯარო უწყებებს, ბიზნეს ასოციაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საკონსულტაციო-ანალიტიკურ კომპანიებს, დამოუკიდებელ ექსპერტებს, ენერგოკომპანიებს, ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლებს, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს. დღეს გამართული მოსმენა მოკვლევის მნიშვნელოვანი ეტაპია, სადაც დაინტერესებულმა მხარეებმა თავიანთი მოსაზრებები და პოზიციები დააფიქსირეს.

მიმოიხილეს მონაწილე მხარეების მიერ წარდგენილი წინადადებები. მოსმენის დასასრულს კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი აქვს განახლებადი ენერგიის განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის, „ერთმნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ამ სექტორის განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან არსებობს შესაძლებლობა ინვესტიციებისთვის. მეორე, როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ის ერთ-ერთი ძირითადი მდგენელია.

ამიტომ გვაქვს ბევრი სხვადასხვა აქტივობა, ვქმნით შესაძლებლობებს და პლატფრომებს, რომ ამ გამოწვევებთან დაკავშირებით გაიხსნას დისკუსიები, ჩვენი კომიტეტი მაქსიმალურად ჩავერთოთ და გავაკეთოთ შესაბამისი რეაგირებები”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა. თემატური მოკვლევა ხორციელდება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები