გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილს არც მოუნანიებია, რომ საკუთარი ნებით თქვა უარი სამშობლოს მოქალაქეობაზე

“არც მოუნანიებია, რომ თავისივე ნებით თქვა უარი სამშობლოს მოქალაქეობაზე, ამ ფონზე აანონსებს ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს”,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომელიც აცხადებს, რომ საინიციატივო ჯგუფი უნდა შეიქმნას, ვინც მისი გათავისუფლების კამპანიაზე იმუშავებს.

მისი თქმით, ახლა ოპოზიციის მიზანი ისეთი საკითხების წამოწევაა, რაც პროცესების რადიკალიზაციაში ხელს შეუწყობთ.

“მგონი, ჩვენ საქმე გვაქვს არა მხოლოდ უცოდინარობასთან, არამედ – პოლიტიკურ თავხედობასთანაც კი, რადგან საქართველოს კონსტიტუციით უცხო ქვეყნის მოქალაქეს არა მხოლოდ აკრძალული აქვს თანამდებობის დაკავება ქვეყანაში, არამედ არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც კი არ აქვს, რომ სხვა კანდიდატს მისცეს ხმა. არც უთქვამს და არც მოუნანიებია, რომ თავისივე ნებით თქვა უარი თავის სამშობლოს მოქალაქეობაზე, ქართული მართლმსაჯულების და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებით იხდის სასჯელს და არც აქ გამოუთქვამს რაიმე სინანული, ამ ფონზე, აანონსებს ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს, რომ უკანონოდ უნდა გაათავისუფლონ, რადგან კანონიერი მხოლოდ შეწყალებაა და ამაზე უარს ამბობს პრეზიდენტი და ამის შემდეგ ამბობს, რომ დაამთავრებს ხელისუფლებას 10 დღეში. ცდილობენ, რაიმე ისეთი ჩასვან დღის წესრიგში, რომელიც მცდელობას მაინც გამოიწვევს რადიკალიზაციისას. დღეს ყველა ხედავს, რომ პატიმარი სააკაშვილი ხელმძღვანელობს ამ პროცესებს, ამ პოლიტიკოსებმა, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციაში არიან ლიდერები, აუხსნან თავიანთ ამომრჩევლებს, როგორ არის მისაღები, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე სასჯელაღსრულების სისტემიდან უწევს ორგანიზებას პოლიტიკურ პროცესებს. ახლა ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის განხეთქილება და იქ რამდენიმე ჯგუფია, ეს სახეზეა, თუმცა, რაც ნაკლები იქნება მიხეილ სააკაშვილზე და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ კომენტარები, მით უკეთესია საზოგადოებისთვის”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები