სანკტ-პეტერბურგში ბიზნესმენი, ალექსანდრე ებრალიძე დააკავეს

სანკტ პეტერბურგში ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლებმა ბიზნესმენი, ალექსანდრე ებრალიძე მისივე ბანკიდან – “კონსტანს-ბანკის” საცავიდან სამი მილიარდი რუსული რუბლის დაკარგვის საქმეზე დააკავეს.

მედიის ინფორმაციით, 24 ნოემბერს ებრალიძის სახლთან ბიუროს ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ, პარალელურად, ებრალიძის ბინებსა და ოფისებში ჩხრეკა მიმდინარეობდა.

ებრალიძე დააკავეს საქმეზე, რომელსაც სანკტ პეტერბურგის შსს-ს მთავარი სამმართველოს მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტი აწარმოებს, სსკ-ის 160-ე მუხლით („მითვისება ან გაფლანგვა“).

2016 წელს, აუდიტის შემდეგ, “კონსტანს-ბანკში” დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ დეფიციტი გამოავლინა. საცავიდან სამი მილიარდი რუბლი იყო გამქრალი, ბანკის მფლობელმა კი გადაწყვიტა, ბანკის რეპუტაციის შესანარჩუნებლად, დანაკარგი საკუთარი სახსრებით აენაზღაურებინა. თავად კი პოლიციაში შეიტანა განცხადება ფულის დაკარგვაში მონაწილე პირების დევნის დაწყების მოთხოვნის შესახებ.

მაშინ ებრალიძე აცხადებდა, რომ არანაირი კავშირი არ აქვს მილიარდების გაქრობასთან, მაგრამ პირობა დადო, რომ „ამ საკითხს დახურავდა“.

ალექსანდრე ებრალიძე ქართული წარმომავლობის რუსი ბიზნესმენია; „ტალიონის“ გენერალური დირექტორი, 2009 წლიდან ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი, რომლის ოფიციალურ მიმართვაში დეკლარირებულია საქართველოს კრიზისული მდგომარეობიდან გაყვანა სტაბილური დემოკრატიული განვითარების გზაზე. კონგრესის წევრები კრიტიკულად აფასებდნენ სააკაშვილის საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მოღვაწეობას, მოუწოდებდნენ რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების აღდგენისაკენ.

საინფორმაციო სააგანტოს – Regnum ონლაინ კონფერენციისას ებრალიძემ აღნიშნა, რომ გაცნობიერებული აქვს რუსეთის პოზიცია ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მიმართ, მაგრამ ამას მხარს არ უჭერს.

2009 წლის 14 მაისს ებრალიძემ სოჭში განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოსტისთვის დაიწყებს ბრძოლას.

2009 წლის 3 ივნისს “რადიო თავისუფლებასთან” საუბარში მან ხაზი გაუსვა ქართველ და რუს ხალხთა შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობას.

14 ივნისს გაზეთში ”ვერსია” გამოქვეყნდა ინტერვიუ ებრალიძესთან, რომელშიც მან განაცხადა: ”პირველი, რასაც მე შევუდგები საქართველოს პრეზიდენტად გახდომის შემდეგ, იქნება ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. თუ არ მოხდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება – საქართველოს კატასტროფა ელოდება”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები