ავღანეთში 100 დღის განმავლობაში 257 მედიასაშუალება დაიხურა
ავღანეთის მთავრობაში “თალიბანის” მოსვლის პირველი 100 დღის განმავლობაში 257-მა ავღანურმა მედიასაშუალებამ შეწყვიტა საქმიანობა.
ამის შესახებ TOLOnews არასამთავრობო ორგანიზაციის – NAI-ის მონაცემზე დაყრდნობით წერს.
აღნიშნულია, რომ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პირველ პრესკონფერენციაზე “თალიბანის” წარმომადგენლებმა პირობა დადეს, არ ჩაერეოდნენ მედიის საქმიანობაში.
თუმცა, მოგვიანებით, ორგანიზაციის წევრებმა შემოიღეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის რიგი ზომები.
კერძოდ, 21 ნოემბერს “თალიბანმა” გამოაქვეყნა რელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ ამიერიდან ავღანეთში აკრძალულია ფილმებისა და სერიალების ტრანსლირება მსახიობი ქალების მონაწილეობით (ხელისუფლების გადაცემამდე ქვეყანაში დიდი პოპულარობით ინდური ფილმები და სერიალები სარგებლობდა), ასევე, გასართობი პროგრამები ქალების მონაწილეობით.
გარდა ამისა, ქვეყანაში აკრძალულია გადაცემები, რომლებშიც ნაჩვენები მამაკაცები მოძრაობის სტანდარტების შესაბამისად არ არიან შემოსილნი.