სამგორში მომხდარის ახალი დეტალები – მოკლულის დედა არ გამორიცხავს, რომ მკვლელობა წინასწარ განზრახული იყო
თბილისში, სამგორის რაიონში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც მოკლული ახალგაზრდის დედა იხსენებს, მომხდარზე დაკავებულ პირსა და მის შვილს წარსულში უთანხმოება ჰქონდათ.
მისი თქმით, ყოფით ნიადაგზე დაწყებულ კამათისას სავარაუდო მკვლელის მხრიდან მუქარაც გაჟღერდა, რის საფუძველზეც ქალი ვარაუდობს, რომ მისი შვილის მკვლელობა წინასწარ განზრახული იყო.
“დაემუქრა, მაგ სილას არ გაპატიებ მე შენო, განანებო და აასრულა კიდეც. მაგან მოუწყო, ჩემი შვილი მარტო რომ ნახა, გამიზნული ჰქონდა.
მეზობლის ბიჭებს დავურეკეთ, ერთად იყვნენ – სვეტა დეიდა, სიგარეტზე შევედი და რომ გამოვედი, უკვე ფეხებში ისროდაო, დათომ იარაღის წართმევა სცადაო და რომ დავიჭირე ის ბიჭი, ეტყობა, მაგ მომენტში პირდაპირ გულში ესროლაო… როგორ ესროლა სამჯერ იარაღი?”, – ამბობს მოკლულის დედა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა თბილისში, სამგორის რაიონში გუშინ მოხდა. ბიჭს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით გულ-მკერდის არეში მიაყენეს. მოგვიანებით, ის ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე 36 წლის მამაკაცი დააკავა.