გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა
გერმანიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 66 884 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე დიდი მაჩვენებელი და მორიგი ანტირეკორდია.
შესაბამის მონაცემს რობერტ კოხის ინსტიტუტი აქვეყნებს.
ქვეყნის მასშტაბით შვიდდღიანმა, ინფიცირების მაჩვენებელმა 100 ათას მოსახლეზე პირველად გადააჭარბა 400-ს. გუშინ იყო 404,5, ჯამურად, ეს მაჩვენებელი ზედიზედ მე-17 დღეა, ახალ მაქსიმუმს აღწევს.
გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში პანდემიას კიდევ 335 ადამიანი შეეწირა. ჯამურად, დაღუპულთა რიცხვი 99 768-მდე გაიზარდა.
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია იმდენად სერიოზულია, რომ არ არის გამორიცხული სრული “ლოქდაუნი”, მათ შორის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ვაქცინირებულია.
ჯანმო-ს პროგნოზით, ევროპის რეგიონში 2022 წლის მარტისთვის ვირუსს, ჯამურად, 2 მილიონზე მეტი მსხვერპლი ეყოლება. დღესდღეობით ეს რიცხვი 1,5 მილიონს აჭარბებს.