გერმანიის ფედერალურმა მიწებმა საკარანტინო ზომები გაამკაცრეს

გერმანიაში კიდევ სამ ფედერალურ მიწაში საკარანტინო ზომები მკაცრდება.

ამის შესახებ DPA წერს.

აღინიშნება, რომ ბერლინი 2G წესის („ვაქცინირებული და გადატანილი“) შემოღების ზღვარზეა მაღაზიების უმეტესობაში შესვლის დროს (გარდა სასურსათო, აფთიაქებისა და ა.შ.) და სხვადასხვა დაწესებულებაში შესასვლელად, ხოლო დედაქალაქის არავაქცინირებული მაცხოვრებლებისთვის ეს ობიექტები რეალურად დაკეტილია. შეზღუდვები შაბათ -კვირას უნდა ამოქმედდეს. ბერლინში 2G-ის წესი უკვე ვრცელდება კულტურულ და გასართობ ღონისძიებებზე, ახლა მათ ემატება ნიღბის ტარება ან დამატებით უარყოფითი ტესტის წარდგენა სხვადასხვა დაწესებულების შესვლის დროს.

ჰამბურგშიც დაანონსდა 2G-ის წესის შემოღება კინოთეატრებისთვის, თეატრებისთვის, ასევე, სასტუმროებისთვის 29 ნოემბრიდან.

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია ასევე დახურავს ღამის კლუბებს და სხვა გასართობ ობიექტებს არავაქცინირებულთათვის, ხოლო მათ, ვინც აცრილი იყო ან დაავადება აქვს გადატანილი, დამატებით მოუწევთ ახალი უარყოფითი ტესტის წარდგენა.

ტურინგია მთლიანად ხურავს კლუბებს და ბარებს, საუნებს და საცურაო აუზებს. რესტორნები გააგრძელებენ მუშაობას, ოღონდ მხოლოდ 2G-ის საფუძველზე და არაუგვიანეს საღამოს 22:00 საათამდე.

ნაწილობრივი ჩაკეტვა შემოღებულია საქსონიაში, სადაც ინფიცირების ყველაზე უარესი მაჩვენებლებია.

ეპიდემიის განმავლობაში პირველად, კოვიდსერტიფიკატის წარდგენა იქნება საჭირო, ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები