ისრაელის პრემიერმინისტრის 9 წლის შვილი „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა 9 წლის ვაჟი „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა. პრემიერმა შვილი იმუნიზაციის ცენტრში თავად მიიყვანა და მედიისთვის განცხადებაც გააკეთა.
„დღეს ჩვენ ქვეყნის მასშტაბით ბავშვების „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით იმუნიზაციის კამპანიას ვიწყებთ, რომ ჩვენი შვილები ინფექციისგან უკეთ დავიცვათ. ჩემი შვილი, დავითი რამდენიმე წუთის წინ აიცრა. იმუნიზაცია დაიცავს ჩვენს შვილებს და, ჯამურად – მთელს ქვეყანას პანდემიისგან. ვაქცინა კარგად მოქმედებს, ის იცავს და სწორედ ამიტომ მოვუწოდებ ყველას, აცრან ბავშვები“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ისრაელი, მსოფლოს სხვა ქვეყნების მსგავსად, გლობალური პანდემიის ეპიცენტრშია, თუმცა, იმუნიზაციის მაღალი მაჩვენებლის ფონზე, ქვეყანაში ვითარება შედარებით სტაბილურია და კოვიდინფიცირების დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ახლახან ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ახალი ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა ბავშვებზე მოდის, რის გამოც გუშინ ქვეყნის მთავრობამ 5-11 წლის ბავშვების „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით იმუნიზაციის გადაწყვეტილება მიიღო და შესაბამისი კამპანიაც დაიწყო.
ქვეყნის მთავრობა იმედოვნებს, რომ, იმუნიზაციის ახალი კამპანიით, ავადობის მაჩვენებელი ბავშვებში დაიწევს, რამაც შესაძლოა, ქვეყანაში „მეხუთე ტალღის“ პრევენცია გამოიწვიოს.