თორნიკე რიჟვაძე ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს: თუ ჩემი ოჯახის წევრი რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს. საქმე ეხება “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გასაჯაროებულ აუდიოჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, თითქოს, ბათუმის საკრებულოს დეპუტატს ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმით ემუქრებოდნენ, რამდენიმე დღეში კი ნუგზარ ფუტკარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა. საქმეში ფიგურირებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა – დავით რიჟვაძეც.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, თუ ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში მისი ოჯახის წევრი რეალურად არ ფიგურირებს, “ყველას მოსთხოვს ბოდიშის მოხდას”.

“მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და სწორედ ამ ადამიანის ხსოვნაც, მისი სახელის მოფრთხილებაც ითვალისწინებს, რომ მეტად ღირსეულად მოექცნენ მათივე თანამებრძოლები.

რაც შეეხება წინასწარ დაანონსებულ რაღაც ჩანაწერებს, ბუნებრივია, ამაზე და მათ შინაარსზე მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, თუმცა, მერწმუნეთ, რომ თუ მათ შორის ჩემი ოჯახის წევრი რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას”, – თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

ჩანაწერები ოპოზიციამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გაასაჯაროვა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი კირთაძის თქმით, გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძესთან მოლაპარაკებას თორნიკე რიჟვაძის მამის, დათო რიჟვაძის დავალებით, ასლან აბაშიძის დროინდელი ორი ყოფილი ძალოვანი – ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე ხელმძღვანელობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები