“მარტამდე ევროპაში კიდევ 700 000 ადამიანი გარდაიცვლება” – ჯანმ​ო

მარტისთვის ევროპასა და აზიის ნაწილში კიდევ 700 000 ადამიანი იქნება გარდაცვლილი.  BBC-ს ცნობით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ.

გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 1.5 მლნ-ს აჭარბებს იმ 53 ქვეყანაში, რომელსაც ჯანმო ევროპის რეგიონად განიხილავს.  ევროპაში ეპიდსიტუაცია მძიმეა, ავსტრიაში სრული „ლოკდაუნი“ მოქმედებს. რამდენიმე ქვეყანა – მათ შორის, საფრანგეთი, გერმანია და საბერძნეთი, სავარაუდოდ, სრულად ვაქცინირებულად იმ მოქალაქეებს ჩათვლიან, რომლებსაც „ბუსტერდოზაც“ გაკეთებული ექნებათ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ევროპაში გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზი კოვიდია.

„ვვარაუდობთ, რომ მომდევნო წლის გაზაფხულზე კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2.2 მილიონს მიაღწევს”, – ამბობენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა გაორმაგდა და დღეში 4200-ს აღწევს. მხოლოდ რუსეთში ინფექციას დღეში 1200-მდე ადამიანი ეწირება.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, „დელტა“ ვარიანტის გავრცელება აუცრელ ადამიანებს შორის ეპიდსიტუაციის გაუარესების მთავარი მიზეზია. ჯანმო-ს ევროპის განყოფილების დირექტორი, ჰანს კლუგე ყველას აცრისკენ მოუწოდებს: „ყველას გვაქვს შესაძლებლობა და ვალდებულება, თავიდან ავირიდოთ ტრაგედიები და ადამიანთა გარდაცვალება, შევაჩეროთ უფრო მეტი ზიანი საზოგადოებასა და ბიზნესში”, – განაცხადა მან. 

ევროპის ქვეყნებთან ერთად, ევროპის რეგიონში მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია ისრაელს, ტაჯიკეთსა და უზბეკეთსაც მოიაზრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები