თენგიზ ცერცვაძე: გვაქვს უახლესი მედიკამენტები, რომ, დროული მომართვის შემთხვევაში, კოვიდინფიცირებულის სიცოცხლე გადავარჩინოთ
”შემოტანილი გვაქვს 4 უახლესი, ყველაზე ეფექტიანი, ყველაზე ძვირადღირებული მედიკამენტი – რემდესივირი, ბარიციტინიბი, ტოცილიზუმაბი, მონოკლონური ანტისხეულები”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს.
მისივე განმარტებით, დღეს სამედიცინო სფეროს აქვს ყველა საშუალება, რომ პაციენტი ლეტალური შედეგისგან იხსნას, თუმცა, ამისთვის აუცილებელია დროული მიმართვიანობა.
„დღეს ჩვენ გვაქვს ყველა საშუალება, უახლესი მედიკამენტები, რომ, დროული მომართვის შემთხვევაში, კოვიდინფიცირებულის სიცოცხლე გადავარჩინოთ და თითქმის გარანტირებულად უზრუნველვყოთ, რომ ის რეანიმაციაში არ მოხვდეს და საინტუბაციო არ გახდეს. შემოტანილი გვაქვს 4 უახლესი, ყველაზე ეფექტიანი, ყველაზე ძვირადღირებული მედიკამენტი – რემდესივირი, ბარიციტინიბი, ტოცილიზუმაბი, მონოკლონური ანტისხეულები. ყველა პაციენტი, რომელიც დროულად, პირველ ათ დღეში მოგვმართავს, ჩვენ გვაქვს ყველა საშუალება, თითქმის გარანტირებულად გადავარჩინოთ ეს პაციენტი დამძიმებას, რეანიმაციაში მოხვედრასა და სიკვდილს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.