დღეს, 18 ნოემბერს, 100 წელი შესრულდა გამოჩენილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ჭაბუა ამირეჯიბის დაბადებიდან. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უდიდეს პატივს მიაგებს გამოჩენილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის – 100 წლის ჭაბუა ამირეჯიბის ხსოვნას.
როგორც კულტურის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ჭაბუა ამირეჯიბი უნიკალური მოვლენაა არა მხოლოდ ლიტერატურაში შეტანილი წვლილითა და მრავალმხრივი საზოგადოებრივი ღვაწლით.
ის უნიკალურია თავისი ბიოგრაფიითა და თავგადასავლებითაც.
მწერალი, პარლამენტარი, არაერთი კინოორგანიზაციისა თუ ფონდის დამაარსებელი და ხელმძღვანელი… ბოლოს კი – ბერად აღკვეცილი.
და მაინც, ჭაბუა ამირეჯიბის სახელი, უპირველესად, „დათა თუთაშხიას“ უკავშირდება – ეპოქალურ რომანს, რომელმაც ის ქართული ლიტერატურის კლასიკოსად და მთაწმინდის ბინადრად აქცია.
ამ რომანს მურმან ლებანიძემ 1973 წელს მიუძღვნა დიდებული ლექსი, სადაც მისი ავტორის ბერობა ოცდაჩვიდმეტი წლით ადრე იწინასწარმეტყველა: „გამხმარო, გაძვალებულო, მეკობრევ, ბერად შემდგარო, სიცოცხლეგამწარებულო. სიკვდილისაგან ვერმკვდარო!“…
აქ მწერლის მარადიული სიცოცხლეც ბუნებრივად არის განჭვრეტილი:
„დათა თუთაშხიას“ შემოქმედი, რა თქმა უნდა, უკვდავია.
აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მწერლის ოჯახთან თანამშრომლობით მზადდება ქართულ-ინგლისური ფოტოალბომი, რომელშიც შევა მწერლის საოჯახო არქივში დაცული მასალები – ფოტოები, ისტორიები, მწერლის ხელნაწერების ფრაგმენეტები, წერილები გადასახლებიდან და სხვა საილუსტრაციო მასალა.
ამასთან, სამინისტროს მხარდაჭერით მზადდება მემორიალური დაფა იმ შენობაზე განსათავსებლად, სადაც ცხოვრობდა მწერალი და სადაც შეიქმნა „დათა თუთაშხია“.