„არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ ისრაელი ვაქცინის მესამე დოზამ გადაარჩინა“
„აქ მესამე აცრის გასაკეთებლად ვარ, – ეს ძალიან მნიშვნელოვანია და საჭიროა იმისათვის, რომ ისრაელი ისევ გაიხსნას“, – ამბობს ლია ფაუელი, სტუდენტი, რომელიც აშშ-დან ჩამოვიდა. – „ზოგიერთ ადგილას ჯერ კიდევ ითხოვენ ნიღბების ტარებას, მაგრამ იგრძნობა, რომ ნორმალური ცხოვრება ნელ-ნელა ბრუნდება“.
სტატიას, რომელშიც მოთხრობილია იმაზე, თუ როგორ ებრძვიან კოვიდპანდემიას ისრაელის მოქალაქეები, „დოიჩე ველე“ აქვეყნებს.
სტატიაშია ნათქვამია, რომ ჯერ კიდევ ზაფხულში ვითარება არცთუ ისე სახარბიელო იყო – ისრაელში კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი გავრცელდა, ივლისის დასაწყისში ინფიცირების რიცხვმა ზრდა დაიწყო, სექტემბრის დასაწყისში კი ამ რიცხვმა პანდემიის დაწყებიდან ყველაზე დიდ მაჩვენებელს მიაღწია, კლინიკები გადაივსო.
და რა გახდა ასეთ რთულ მოცემულობაში ისრაელის მთავარი იარაღი პანდემიასთან ბრძოლაში?
„მთავარი იარაღი, რომელიც ისრაელში და ასევე ბევრ სხვა ადგილას არსებობს, ეს ვაქცინაა“, – ამბობს კორონავირუსთან ბრძოლის ეროვნული მიზნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი, სალმან ცარკა, – პანდემიის მორიგი ტალღის დაწყებისთანავე, რაც „დელტა“ ვარიანტმა გამოიწვია, ჩვენ გავიაზრეთ, რომ ორდოზამიღებული ადამიანები აღარ იყვნენ საკმარისად დაცულნი. ამიტომ, გადაწყვეტილება სწრაფად მივიღეთ“.
ტაქტიკის შეცვლის მიზეზი სამეცნიერო კვლევები გახდა, რომლებმაც ცხადყო, რომ იმუნიტეტი ვაქცინაციიდან 6 თვეში სუსტდება და ისევ მაღლა იწევს დაინფიცირების რისკი. ეს განსაკუთრებით შეეხებოდათ ისრაელის ასაკოვან მოქალაქეებს, რომლებიც ერთ-ერთი პირველები აიცრნენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
სტატიაში ნათქვამია, რომ ისრაელში, მასობრივი იმუნიზაციისა და „მწვანე პასპორტების“ გაცემის ფონზე, დაავადების დონემ თავდაპირველად მალევე დაიკლო. თუმცა, „დელტა“ ვარიანტის მძიმე ფორმის დროს ახალი რეგულაციების შემოღების საჭიროება გაჩნდა. შესაბამისად, ისრაელის ხელისუფლება მესამე, ,,ბუსტერ დოზის“ ვარიანტზეც დაფიქრდა და თანდათან 12 წლის ზემოთ მოქალაქეების აცრის კამპანიაც დაიწყო.
„არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ ისრაელი ვაქცინის მესამე დოზამ გადაარჩინა“ – აცხადებს ეპიდემიოლოგიის პროფესორი და ისრაელის ჯანდაცვის სექტორის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი, გაბრიელ ბარბაში. „ვფიქრობ, რომ ნორმალურ ცხოვრებას ვუბრუნდებით, მაგრამ ეს ახალი ნორმალური ცხოვრება იქნება. არ ვაპირებთ სამედიცინო ნიღბებზე უარის თქმას. ისინი აუცილებელი იქნება ნებისმიერ დახურულ სივრცეში“.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ისრაელის სტრატეგია – „ვიცხოვროთ სამყაროში, რომელშიც არის კოვიდი“ დღემდე მუშაობს. სასწავლო პროცესი სკოლებში არ წყდება, ეკონომიკა არ შეჩერებულა. ინფექციის გავრცელების დონემ საგრძნობლად იკლო და, ამასთან ერთად, კლინიკებში მძიმე ავადმყოფების რიცხვიც შემცირდა. მასობრივ რევაქცინაციასთან ერთად, ისრაელის მთავრობამ ნიღბების ტარების ვალდებულებაც დატოვა და გაამკაცრა „მწვანე პასპორტების“ სისტემაც. მათ გასცემენ იმათთვის, ვინც გაიარა სრული ვაქცინაცია, ან მათზე, ვინც უკვე გადაიტანა კოვიდი. ახალ „მწვანე პასპორტებს“ იღებენ მხოლოდ ისინი, ვინც „ბუსტერ დოზას“ გაიკეთებს.
სტატიაში მოყვანილია ერთ-ერთი სპორტული კომპლექსის წარმომადგენლის კომენტარიც ამ თემაზე: „თუკი ვინმეს სურს აუზით ან ტრენაჟორების დარბაზით სარგებლობა, ვაქცინაციის სერტიფიკატი უნდა წარადგინოს – ახლა ეს ყველას ტელეფონებში აქვს. შეიძლება, ბევრს არ მოსწონს ეს ამბავი, მაგრამ ადამიანებს ესმით მდგომარეობისა და აღშფოთებას არ გამოხატავენ“.
როგორც ირკვევა, ისრაელში 24- საათიანი „მწვანე საშვიც“ მუშაობს, მისი მიღება ტესტის ნეგატიური შედეგის წარდგენის შემდეგ შეიძლება.
ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები ისრაელშიც არიან, ასეთი არცთუ ბევრია, თუმცა, საკმაოდ აქტიურობენ. როგორც ირკვევა, „მწვანე პასპორტის“ შემოღებით უკმაყოფილო ადამიანები რეგულარულად უგზავნიან მუქარის წერილებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს – შარონ ელროი-პრაისს. ოქტომბრის ბოლოს მისმა მეუღლემ პოლიციას მიმართა რეაგირებისა და ოჯახის დაცვის თხოვნით. ასევე, საკმაოდ ბევრი განხილვა მოჰყვა ბავშვების აცრის შემოღების საკითხსაც, თუმცა, პრინციპულად იდეოლოგიური მოწინააღმდეგეები ცოტა არიან. სოციოლოგიური გამოკითხვის მეშვეობით დადგინდა, რომ მოქალაქეების უმრავლესობა ვაქცინაციის ყველა ეტაპს ემხრობა.
დაბოლოს, კორონავირუსთან ბრძოლის ეროვნული მიზნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი, სალმან ცარკა ამბობს: „ჯერჯერობით ნაადრევია პანდემიის დასრულების გამო ზეიმი – ახლა ჩვენი მიზანია, არ დავუშვათ ისრაელში მეხუთე ტალღის დაწყება და კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამოჩენა“.