ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმების მიერ ყოველდღე გავრცელებულ ინფორმაციას ვერავინ გააყალბებს

”სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმების მიერ ყოველდღე გავრცელებულ ინფორმაციას ვერავინ გააყალბებს, გამოქვეყნდება ანალიზების პასუხები, რომელიც აჩვენებს სააკაშვილის მდგომარეობას”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტირებისას ისაუბრა.

ირაკლი კობახიძის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილის ანალიზების პასუხები წესრიგშია.

„სააკაშვილს უკვე 200-ზე მეტი სტუმარი ჰყავდა და ყველა რწმუნდება, რომ მდგომარეობა არის კარგი. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ბუნებრივია, ეს უკავშირდება იმ მაჩვენებლებს, რომელსაც ვერავინ გააყალბებს. საუბარია ანალიზებსა და მათ პასუხებზე, რომლებიც, დღევანდელი მდგომარეობით, წესრიგშია. ეს მონაცემები იქნება სამომავლოდ გამოქვეყნებული. ეს მარტივი რამ არის. გამოქვეყნდება ანალიზების პასუხები, რაც აჩვენებს, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ექიმების ჯგუფი ყოველდღიურად გააკეთებს განმარტებებს, რითაც სამუდამოდ დაესმება წერტილი ყველა დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციის გავრცელებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები